თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე – სიმართლე ერთია, რომ საქართველო არის მართალი რუსეთთან – იმედი მაქვს, რომ ხვალ ამ დავას მოვიგებთ

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში მოიგებს დავას – საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მოლოდინი მას წარდგენილი მტკიცებულებებიდან, საქართველოს ძლიერი პოზიციიდან და სიმართლიდან გამომდინარე აქვს.

მისი თქმით, სტრასბურგის დროით, 21 იანვარს, დილით 11:00 საათზე გამოქვეყნდება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ აგვისტოს ომის თემა.

„იმედი მაქვს, რომ მედიაც სრული შემადგენლობით მზად ხართ იმისთვის, რომ ყველამ ერთად მოვუსმინოთ ამ ვერდიქტის გამოცხადებას და შემდეგ ვნახოთ, რა შედეგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, სანამ გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა, შეიძლება მხოლოდ იმედი და ვარაუდები გამოვთქვათ. ვიცნობ რა, ძალიან კარგად ამ საქმეს, დავას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით იუსტიციის სამინისტროს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების დიდი ძალისხმევის შედეგად ასეულობით ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ საქმეზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხვალ ამ დავას სწორედ ამ გარემოებებიდან, ძლიერი პოზიციიდან და სიმართლიდან გამომდინარე მოვიგებთ. მნიშვნელოვანია, ხვალ დილით ვნახოთ, რომ საქმეს მართლაც მოვიგებთ და ჩემი ეს იმედი გამართლდება და თუ გამართლდება, რა ხარისხით. საქართველოს წარდგენილი ჰქონდა მრავალი სასარჩელო მოთხოვნა. ჩვენ იქ არ ვჩიოდით ერთ რომელიმე კონკრეტულ დარღვევაზე, ჩვენ იქ ვჩივით მრავალ დარღვევაზე, დაწყებული სიცოცხლის უფლების ხელყოფით, გაგრძელებული ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებითა და მოკვდინებით, საკუთრების ხელყოფით, ეთნიკური წმენდით და ძალიან ბევრი სხვა მუხლით, რომელიც ევროპული კონვენციის ნაწილია. ხვალ, თუ მოხდა ისე, რომ საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა – ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის სიმართლე ერთია, რომ საქართველო არის მართალი რუსეთთან, თუ ჩვენ მივიღებთ გამარჯვების გადაწყვეტილებას ხვალ, ეს იქნება პირველი პრეცედენტი, რომ საქართველომ ხელთ დაიჭირა სამართლებრივი დოკუმენტი თავისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი არამხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობით, რომელმაც სამართლებრივად კიდევ უფრო უნდა გაამყაროს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პროცესი. იმედი მაქვს, რომ ხვალ აი, ამ დონის მნიშვნელობის გადაწყვეტილება იქნება და ეს იქნება სწორედ ის გამარჯვება, რასაც ჩვენ ამდენი წელი ველოდებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

მან უპასუხა შეკითხვას, ვინაიდან საქართველომ „დეპორტირებულების საქმე“ მოიგო და რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს ვალდებულებებს, ახლა უკვე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმის მოგების შემთხვევაში რუსეთისგან რა რეაგირებაა მოსალოდნელი.

როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, „დეპორტირებულების საქმისგან“ განსხვავებით სტრასბურგის სასამართლოს ხვალინდელი გადაწყვეტილება, თუკი ის საქართველოს გამარჯვებით დასრულდება, ეს აბსოლუტურად, თვისებრივად სხვა ტიპის გადაწყვეტილება იქნება.

„თუ ხვალ, სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ აგვისტოს ომის დროს ადგილი ჰქონდა ქართველების ეთნიკურ წმენდას თავისთავად ეს დასკვნა იქნება რუსეთისგან ყველანაირი, რაიმე საჭირო ნაბიჯის გადადგმის გარეშე, ჩვენთვის ყველაზე დიდი გამარჯვება.

თუკი სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ სწორედ რუსეთის ბრალია, სწორედ ის არის ამაში პასუხისმგებელი და დამნაშავე, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეები აწამეს და მათ სიცოცხლე წაართვეს, თავისთავად ეს დასკვნა არის ჩვენთვის უკვე დიდი გამარჯვება და მას არაფერი სჭირდება რუსეთისგან, იმისთვის, რომ ეს დასკვნა ჩვენს მომავალ თაობებს გადავულოცოთ, როგორც პირველი სასამართლო დოკუმენტი. იქნება თუ არა ხვალ, ასევე საქართველოსთვის კომპენსაცია მინიჭებული, თუ როგორც „დეპორტირებულების საქმეზე“ ეს თემა სამომავლოდ გადაიდება, წინასწარ ჩვენ ეს ვერ გვეცოდინება. „დეპორტირებულების საქმეზე“ გვახსოვს, რომ ჯერ დარღვევები დადგინდა და ფულის თემაზე, კომპენსაციის საკითხი გადაიჭრა თუ არ ვცდები, 2-3 წლით მოგვიანებით, მაგრამ აგვისტოს ომის თემა ვერ იქნება დაყვანილი რაიმე ტიპის თანხებამდე. მთავარი არის ის, რაც ხდება ხვალ. რას იტყვის სტრასბურგის სასამართლო – კი, თუ არა, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას. კი, თუ არა, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება. კი, თუ არა, რომ დაირღვა ყველა ის უფლება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვჩიოდით. თუ ხვალ, 11:00 საათზე გახსნით სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდს და ნახავთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, ჩათვალეთ, რომ ეს საბოლოო გამარჯვებაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა .

მისვე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს ხვალინდელი გადაწყვეტილება ჰააგის გამოძიებისთვის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, იქნება.

„მე მახსოვს, როდესაც იუსტიციის მინისტრი გახლდით და სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის თემაზე გამართა მოწმეების გამოკითხვა სტრასბურგში, რაც როგოც წესი არ ხდება ხოლმე, მაგრამ ამ საქმეზე ეს ასე მოხდა, იქ ერთ-ერთ სხდომას ესწრებოდნენ ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები. ეს თავისთავად პასუხია კითხვაზე – მნიშვნელოვანი იქნება, თუ არა ხვალინდელი გადაწყვეტილება ჰააგის გამოძიებისთვის. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები