ბადრი ჯაფარიძე: 51 ოპოზიციონერს, რომლებმაც შეიტანეს განაცხადი მანდატების გაუქმებაზე, ვფიქრობ, დაემატება „გირჩის“ სამი წევრი
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მანდატების გაუქმებაზე განაცხადს 51 ოპიზიციონერთან ერთად ,,გირჩის” სამი წევრიც შეიტანს.
„51 ოპოზიციონერს, რომლებმაც შეიტანეს განაცხადი მანდატების გაუქმებაზე, ვფიქრობ, დაემატება „გირჩის“ სამი წევრი, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, ასევე ბოიკოტის რეჟიმს შეუერთდებიან, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ პარლამენტში შესვლა, თუ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ შევიდა. ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ ვგულისხმობთ 51-ს პლუს სამ ადამიანს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ბოიკოტი გრძელდება.
„არის ერთი პარტია, რომელსაც თავისი გზა აქვს. ჩვენ – დანარჩენ პარტიებს, მათ შორის, „გირჩსაც“ არ გვაქვს დიდი განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ, დიდი პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ბოიკოტი გრძელდება. „გირჩის“ წევრებიც არიან ამ მოსაზრებაზე, რომ აუცილებელია შეთანხმება და ამ პოლიტიკური შეთანხმებისადმი ოპოზიციური მხარდაჭერა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.