ესპანეთში, კორონავირუსის მესამე ტალღის შეჩერების მიზნით, მკაცრი შეზღუდვები წესდება

უცხოური მედიის ინფორმაციით, 15-18 იანვრის პერიოდში  ესპანეთში ინფიცირების 84 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში 14 დღეში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 689 ფაქტი დაფიქსირდება, რაც ექსტრემალური რისკის მაჩვენებელს (250) 3-ჯერ აღემატება.

ესპანეთში ჰოსპიტალური სექტორი კვლავ რესურსების ამოწურვის რისკის წინაშეა. 18 იანვრის მონაცემებით, საწოლების 18.6%-ი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უკავიათ, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი წნეხია. ამ მხრივ, ყველაზე რთული ვითარება მადრიდში, კატალონიასა და ვალენსიაშია. ვალენსიაში ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებული საწოლების 52.8% კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უკავიათ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების განცხადებით, საწოლფონდის განთავსება ბევრ სხვა ადგილზეც შეიძლება, თუმცა, ამ მხრივ მთავარი პრობლემა  სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.

19 იანვრის ინფორმაციით, კორონავირუსის მესამე ტალღის შეჩერების მიზნით, ვალენსიის რეგიონში ყველა ბარი და რესტორანი დაიხურება. ასევე, ახალი შეზღუდვები ესპანეთის კიდევ ორ რეგიონში (ანდალუსია და კასტილია-ლა მანჩა) გამოცხადდა. 20 იანვრიდან ანდალუსიაში ყველა პროვინციული დედაქალაქი პერიმეტრული „ლოქდაუნის“ ქვეშ მოექცევა. რეგიონის 326 მუნიციპალიტეტი კი ჩაიკეტება. 144 მუნიციპალიტეტში კომერციული სივრცეები დაიხურება. კასტილია-ლა მანჩაში 900 მუნიციპალიტეტი ჩაიკეტება, მობილობა მაქსიმალურად შემცირდება. ე.წ. კომენდანტის საათი 22:00 საათიდან დაიწყება. სოციალური თავშეყრის ადგილები დაიხურება. შეზღუდვები 10 დღის ვადით დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები