გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან ასევე კობიდან, გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
მათივე ცნობით, გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ 3 კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ 1 კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.
შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდან აკრძალულია.