საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 347.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი – 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.
მათივე ცნობით, 2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი).
“2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 407.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (887.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.2 პროცენტი)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.