ზურაბ ჯაფარიძე: არანაირი მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასთან” არ მქონია
“საერთოდ, “ოცნებასთან” კომუნიკაცია არ მქონია ბევრი წელია”, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე “გირჩის” წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ზურაბ ჯაფარიძისგან იგებდა იმ შეთავაზებების შესახებ, რომელიც “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის მიმართ ჰქონდა.
როგორც ჯაფარიძემ “დღის კურიერში” საუბრისას განაცხადა, მას “ქართულ ოცნებასთან” არანაირი მოლაპარაკებები არ ჰქონია.
“არანაირი მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასთან” არ მქონია. საერთოდ, “ოცნებასთან” კომუნიკაცია არ მქონია ბევრი წელია. ბოლოს რაც მახსენდება, იყო 2018 წლის ზაფხული, როცა მე მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ მინისტრთან, ისიც კონკრეტულ თემაზე, რომელსაც მაშინ “გირჩი” ლობირებდა. ამ ადამიანს აინტერესებდა რაღაც საკითხები ამ თემის გარშემო. მას შემდეგ, მე “ოცნებასთან” კომუნიკაცია არ მქონია არასდროს”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.