საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება
საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დღეს, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. სასწავლო პროცესი აჭარის რეგიონში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.
გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.
ამასთან, ეთერში ბრუნდება „ტელესკოლის“ გაკვეთილებიც.