მკვლევართა ჯგუფმა კოვიდის ახალი შტამი აღმოაჩინა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და აფრიკაში გავრცელებული შტამისგან განსხვავდება – ქვეყნები შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 94 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 2 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 67.3 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით ინფიცირების 24 950 778 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

აშშ-ში პანდემიის ფონზე, სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე და არჩეული პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ უმუშევრობა იქნება. მხოლოდ დეკემბრის თვეში, ქვეყანაში 140 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. რაც შეეხება წლის დასაწყისს, გასულ კვირას, უმუშევართა დახმარების მოთხოვნის აპლიკაცია შეავსო კიდევ 965 ათასმა ადამიანმა, რომელიც აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას იმ ფონზე, როდესაც სარესტორნო ბიზნესი დახურულია და სტუმართმოყვარეობის სფერო გაჩერებულია.

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 229 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 769 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ში, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აღმოაჩინეს კოვიდის ახალი შტამი, რომელიც განსხვავდება დიდ ბრიტანეთსა და აფრიკაში გავრცელებული შტამისგან.

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან, ლომბარდიაში, სიცილიასა და სამხრეთ ტიროლის ავტონომიურ პროვინციაში წითელი ზონის შეზღუდვები ამოქმედდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, ამ რეგიონებში მხოლოდ სუპერმარკეტები, აფთიაქები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის სარეალიზაციო მაღაზიები იმუშავებს.

22:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ძალაში დარჩება. 15 იანვარს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ახალი დეკრეტის მიღების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც რეგიონებს შორის გადაადგილების აკრძალვა სულ მცირე 15 თებერვლამდე გაგრძელდება. რეგიონებს შორის მგზავრობა მხოლოდ სამუშაოდ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

გერმანიაში შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება. ანგელა მერკელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ცხოვრობს ლოქდაუნის პირობებში, არსებულმა შეზღუდვებმა ვერ გამოიღო შედეგი და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მათი კიდევ უფრო გამკაცრება. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველ ტალღას გერმანია მაღალ დონეზე გაუმკლავდა, თუმცა, მეორე ტალღის პირობებში, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, სიტუაცია მძიმეა. მერკელის პარტიის წევრების განცხადებით, მათი ლიდერი შეშფოთებულია კოვიდის ახალი შტამის გავრცელების გამოც.
კოვიდ სიტუაციის შესაფასებლად შეხვედრა ჩანიშნული იყო 25 იანვრისთვის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობა მომდევნო კვირას გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გერმანია გახდა მეათე ქვეყანა, სადაც კოვიდ ინფიცირებულების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით (ONS), წარმოება პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 8.5%-ით შემცირდა, ნოემბერში კი კიდევ 2.6%-იანი კლებაა.
როგორც აღმოჩნდა, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბარები და სალონები, რადგან ლოქდაუნის პირობებში მათი მუშაობა შეჩერებულია.
პანდემიის დროს სერიოზული კრიზისის წინაშე დადგა მომსახურების სფერო, რომელიც შეადგენს ეკონომიკის 80%-ს.

18 იანვრიდან, დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად ერთადერთი გზა უარყოფითი კოვიდტესტია.

გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან ყველა „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს, – შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა.
ამასთან, ყველა პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ ხელახლა აღებული ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ.
ბორის ჯონსონის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამებისგან ქვეყნის დაცვაა.

უელსის მთავრობა სუპერმარკეტებისათვის, მაღაზიებისთვის და ოფისებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს, რაც მომხმარებლებისთვის და მომუშავე პერსონალისთვის ეპიდემიოლოგიურ რისკებს შეამცირებს. მაღაზიები და სუპერმარკეტები ვალდებულები იქნებიან მომხმარებლებისთვის ხელის სადეზინფექციო საშუალებები იქონიონ და მუდმივად აკონტროლონ მომხმარებელთა რაოდენობა იმისათვის, რომ დახურულ სივრცეში ერთდროულად ბევრი ადამიანი არ იმყოფებოდეს. გარდა ამისა, აუცილებელია მაღაზიებში დისტანციის დაცვის შესახებ მოწოდებები რეგულარულად კეთდებოდეს. ბიზნეს სექტორს მოეთხოვება რისკის შეფასების პროცესის გავლა. გარდა ამისა, აუცილებელია ადგილზე მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობა მაქსიმალური შემცირება.

15 იანვრის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 35 878 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 201 ფაქტი გამოვლინდა. ჰოსპიტალური სექტორი კვლავ კრიტიკულად გადატვირთულია.

ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ქვეყანაში „AstraZeneca“-ს ვაქცინის იმპორტირებაც იგეგმება.

საშობაო არდადეგების შემდეგ, კანადაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მოსახლეობას კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდა; ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 693 809, ხოლო გარდაცვალების 17 689 შემთხვევაა დაფიქსირებული.

15 იანვარს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 24 715 და გარდაცვალების 555 ფაქტი გამოვლინდა.

14 იანვარს, ვენასა და ბერლინში შეიმუშავეს პეტიცია სახელად „ZeroCovid“, რომელსაც უკვე 17 ათასი ადამიანი აწერს ხელს. ავტორების აზრით, იმისათვის, რომ კოვიდის გავრცელება დავიდეს ნულამდე, საჭიროა „ეკონომიკის სრული ჩაკეტვა“ და მოუწოდეს ევროპის ქვეყნებს, რომ იმოქმედონ ერთდროულად – „ლოქდაუნი ნიშნავს ადამიანებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის მინიმუმამდე დაყვანას, სამუშაო ადგილზე თანამშრომლების რაოდენობის რადიკალურად შემცირებასა და სკოლების დაკეტვას“ – წერენ პეტიციაში. პეტიციას ხელს აწერენ სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მედიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პანდემიის შემდეგი ტალღის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ „ტესტირების, ინფიცირებულის კონტაქტების მოძიებისა და იზოლაციის“ გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები