შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში ერთი ერთში ემთხვევა ჩვენს განწყობებსაც, ხოლო უბნების 8%-იანი დისბალანსი არის აბსოლუტური აცდენა რეალობიდან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში ერთი ერთში ემთხვევა ჩვენს განწყობებსაც. ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვთქვით, რომ ყველამ, პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამაც, ყველამ რაღაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ჩვენი დასკვნა გამოვიტანეთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატაროთ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, შემოვიღოთ ელექტრონული სისტემები, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორი და შეცდომები ამ დროს. ვიცით, რომ ეს ხარვეზები არსებობდა, ამიტომ ჩვენ ჩვენი დასკვნა გამოვიტანეთ.

რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ ვხედავთ, ჯერ დასკვნა არ გამოუტანიათ. იმ შემთხვევაში, თუ ისინიც რაღაც დასკვნას გამოიტანენ ამ არჩევნებიდან და მას შემდეგ მოყოლილი რეაქციიდან, ისინი შემოვიდოდნენ პარლამენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენიშვნების ნაწილში, უბნების 8%-ში  დისბალანსი რეალობას არის აცდენილი, რის შესახებაც ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეას აცნობებენ.

„შენიშვნების ნაწილში იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა უბნების 8%-ზე დისბალანსის საკითხს, რომელზეც ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ. ეს მოდის თავის დროზე  ISFED-ის ანგარიშიდან, შემდეგ 4 ნოემბრის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში აისახა კიდევ ერთხელ ეს უბნების 8 %-ში დისბალანსი, რაც არის აბსოლუტური აცდენა რეალობიდან. იცით, რომ ჩვენ მოვუწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩაასწორონ მათი ეს ანგარიში. სამწუხაროა, რომ ასეთი მცდარი ახლა აისახა მონიტორინგის მისიის ანგარიშში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვაცნობებთ, რომ ეს მათი ციტირება, რასაც ახდენენ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებიდან, იყო დაფუძნებული მცდარ შეფასებას, რომელიც თავის დროზე მოახდინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები