ნათია თურნავა: გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ისტორიული დოკუმენტია
“გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ისტორიული დოკუმენტია”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტს აქვს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პოლიტიკური და წმინდა ეკონომიკური და ეს არის ორი მიმართულებით მიღებული ცალსახა სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის.
„გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ისტორიული დოკუმენტია. მას აქვს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პოლიტიკური და წმინდა ეკონომიკური. ეს არის ორი მიმართულებით მიღებული ცალსახა სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკურ კომპონენტთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევუერთდით ე.წ. სუფთა ქსელის ინიციატივას. მას საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის მხრიდან და დღეს მას უერთდება 60-მდე ქვეყანა, 200-ზე მეტი ტელესაკომუნიკაციო კომპანია და ამ დარგში აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები. ეს არის შეთანხმება საერთო პრინციპებზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მომხმარებლების ინტერესები ტელეკომუნიკაციების სფეროში. კიბერუსაფრთხოება მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ვინაიდან რაც უფრო ღრმად აღწევს ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო აქტუალური ხდება ჩვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა. რომ დავუბრუნდეთ მემორანდუმის სიკეთეს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ აშშ-თან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მაღალ დონეზეა აწეული და ნდობითი ურთიერთობები კიდევ ერთხელ განმტკიცდა“, – განაცხადა თურნავამ.