შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა, ბასილ გოგოტიშვილმა სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს შერიგება და დამთავრდეს კონფლიქტი.
„დღეს პარაკლისი ჩაატარეს მამებმა იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა. აუცილებლად უნდა მოხდეს შერიგება, დამთავრდეს კონფლიქტი. ეს არის ჩვენი პოზიცია, ასეთია ეპარქიისა და მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევა. გვინდა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ურთიერთობა იმ თანასოფლელ ძმებს შორის, როგორც აქამდე იყო. მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი დასრულდება, თითქმის დასრულებულია. ჩვენ, როგორც აქამდე ვურთიერთობდით, ისე გავაგრძელებთ და ჩვენ შორის იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა, როგორც იყო აქამდე”, – განაცხადა შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა.