„მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას“ – ლადო ასათიანის დაბადების დღე
14 იანვარი ლადო ასათიანის დაბადების დღეა.
დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.მას დღეს 104 წელი შეუსრულდებოდა.
1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები.
1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი – ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით.
დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“.
1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1938 წლის ზაფხულიდან, ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.
ლადო ასათიანიტუბრკულოზით გარდაიცვალა 1943 წელს, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 წელს პოეტი გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლადო ასათიანი, 1939 წელი