„ვიხსენებთ გია ძნელაძეს, რუსთაველის თეატრის უნიჭიერეს მსახიობს“!

„ვიხსენებთ გია ძნელაძეს, რუსთაველის თეატრის უნიჭიერეს მსახიობს! დღეს მისი დაბადების დღეა“…- ასე იხსენებს რუსთაველის თეატრი ფეისბუქის გვერდზე მსახიობს.
გია ძნელაძე (გია გამყრელიძე) დაიბადა 1952 წლის 14 იანვარს. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (დოდო ალექსიძის სახელოსნო) 1974 წელს.
1974-1977წწ. იყო მოზარდ მაყურებლის თეატრის მსახიობი, 1978 წლიდან კი – რუსთაველის თეატრის მსახიობი.
ამ თეატრში შესრულებული სცენური სახეებია: ნიკიტა („მეუფება წყვდიადისა”), ზურიკო („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის”), ლენკოვი („ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”), ვალერი („ტარტიუფი ანუ მეფეა დარბაზში”), თენგიზი და ბანდიტი („ვარიაციები თანამედროვე თემაზე”), მირზა გელოვანი („რექვიემი”), წამყვანი („მშვენიერი ქართველი ქალი”), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა”), ედგარი, ედმუნდი („მეფე ლირი”) და სხვა.
მონაწილეობდა ფილმებში: ბათა ქექია (1978), ყვარყვარე (1978, სტუდენტი), უკვდავების თეთრი ვარდი (1984), ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983, ფხინკო), ქართველები ცაში (1984, სოსო), მამაკაცები (1985), მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ (1986), ბრავო, ალბერ ლოლიშ! (1987), გამოცხადება (1988), ხაფანგი (1992), მოკვეთილი (1992, ელიზბარი), შემსრულებელი (1994, უშანგი).
1994 წლის 27 სექტემბერს თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა. რობერტ სტურუამ მაყურებელს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის” მიხედვით დადგმული სპექტაკლი „იაკობის სახარება” წარუდგინა. ეს წარმოდგენა უკანასკნელი აღმოჩნდა მსახიობ გია ძნელაძისთვის. პრემიერის შემდეგ, 42 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები