იოსებ ჭუმბურიძე: ივანიშვილმა ქართველ ხალხს მჩაგვრელი რეჟიმი მოაშორა

მესამე დღეა, ქართული საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას განიხილავს და მისი მოღვაწეობის შედეგებს აფასებს. ,,კვირა“ პუბლიცისტსა და კრიტიკოსს, პროფესორ იოსებ ჭუმბურიძეს დაუკავშირდა:

-,,ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. როგორ შეაფასებდით მის 8-წლიან მოღვაწეობას?

-„რვაწლედის” შეფასება ცოტა ძნელია. სამაგიეროდ, ძალიან ადვილია ბიძინა ივანიშვილის ღვაწლის ზოგადად შეფასება. თუმცა, რატომ ზოგადად?! კონკრეტულადაც. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ორგვარი ღვაწლით შევა: უდიდეს ქველმოქმედად და ლიდერად, რომელმაც ქვეყანას ერთ – ერთი ყველაზე სასტიკი და საშიში, მოძალადე და მჩაგვრელი რეჟიმი მოაშორა. „მჩაგვრელი” – ეს სიტყვა ამ დღეებში თვითონ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა. რომ მოვისმინე, ტანში გამცრა, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ იმ რეჟიმს ზუსტად მიესადაგებოდა

– ქართული ოპოზიცია დაეჭვებული კითხულობს: მართლა მიდის თუ არა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშილი?

-შემიძლია, დავიჯერო, რომ პოლიტიკიდან წასვლა გულწრფელად სურს. სხვა საკითხია, ეს რამდენად მოხერხდება. მთავარია, საქართველოდან არ წავიდეს. უშეცდომო, უფლის გარდა, არავინაა. ცხადია, არც ის, მაგრამ არასოდეს შემპარვია ეჭვი იმაში, რომ მას გულით უყვარს თავისი (ჩვენი) სამშობლო. ამიტომაც ვერსად წავა და აღარავის მისცემს მშობელი ხალხის დაჩაგვრის უფლებას. ეს რომ არ მჯეროდეს, ერთ სიტყვასაც არ გეტყოდით.

-მმართველ პარტიას ლიდერის გარეშე გაუჭირდება?

– „ქართულ ოცნებას” უმისოდ, რა თქმა უნდა, გაუჭირდება. თავს იჩენს ოდინდელი სენი: „ძმას მოუდო ძმასა ქისტი”…მაგრამ ბირთვი საკმაოდ ჭკვიანი მგონია იმისთვის, რომ თავი არ შეირცხვინონ, თორემ „არ დაცემულა საქართველო იმგვარად ჯერეც”, რომ მათი შემცვლელები არ გამოჩნდნენ – ღირსეული ქართველები.

-რას ეტყოდით იმ მილიონზე მეტ ამომრჩეველს, რომელთა უმრავლესობამ ,,ქართულ ოცნებას“ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით მისცა ხმა და მისი პოლიტიკიდან წასვლის გამო დაბნეულია?

-ყველა ქართველს, ვინც ხმა მისცა „ოცნებას”, უპირველესად, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, ამას ვეტყოდი: “მშვიდი აქტიურობით” დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველაფერი კარგად იქნება.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები