თენგიზ ფხალაძე: ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ
“რაც აშშ-ში მოხდა, ეს პრეზიდენტ ტრამპის სირცხვილია – ქვეყნის ლიდერი ასე არ უნდა იქცეოდეს”, – ასე აფასებს აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ.
,,რაც ჩვენ 6 იანვარს ვიხილეთ, იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვგულისხმობ საზოგადოების პოლარიზაციას, რაც პროცესების რადიკალიზაციაში გადაიზარდა. საპროტესტო გამოსვლები დაიწყო პოლიციელის მიერ აფროამერიკელის მკვლელობის გამო და ამ ნიადაგზე გაღვივდა საპროტესტო ალი, რაც გადაიზარდა იმაში, რასაც არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა არც ადამიანის უფლებებთან, არც ლიბერალიზმთან.
გააქტიურდნენ რადიკალური, ნეოფაშისტური დაჯგუფებებიც, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ დესტაბილიზაციისთვის. როგორც აღმოჩნდა, ეს საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასეს. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრა. მეტიც, ზოგჯერ ის საკუთარი განცხადებებით ამას ხელს უწყობდა კიდეც, განსაკუთრებით, არჩევნების შემდგომ. ნებისმიერი ქვეყნის მმართველის ვალია საზოგადოების გაერთიანება, ტრამპმა კი ეს ვერ შეძლო. არადა, პოლარიზაცია ძალიან სახიფათოა სწორედ იმიტომ, რომ შესაძლოა რადიკალურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, თუკი დროულად არ აღმოიფხვრა. თუმცა ეს პრობლემის ერთი მხარეა. 6 იანვარს ჩვენ ასევე ვიხილეთ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს კრიზისის დროს სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისთვის. უპირველეს ყოვლისა გამოჩნდა, თუ რა დიდი როლი ენიჭება ბალანსის და შეკავების მექანიზმებს და იმას, რომ ძალაუფლება არ არის კონცენტრირებული ერთი რომელიმე შტოს ხელში. სწორედ ამან ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი ვითარების სტაბილიზაციაში. ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო არა მარტო კონგრესის მოქმედება თავისი ორივე პალატით, არამედ, მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლების ქმედება – ქალაქ ვაშინგტონის ადმინისტრაცია ოპერატიულად და ზუსტად მოქმედებდა.
ასევე ვიხილეთ პოლიტიკოსების სახელმწიფოებრივი ქმედების მაგალითები, თანაც არა მარტო დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელებისაც, მათ შორის თავად ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავა, ისევე როგორც მაიკ პომპეომ.
აღარაფერს ვამბობ ისეთ პოლიტიკოსებზე, როგორიც არის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელსაც უაღრესად შთამბეჭდავი მიმართვა ჰქონდა. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ახალარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართვა ერისადმი, რომელიც სწორედ გამაერთიანებელ გზავნილებს შეიცავდა. ის მიმართული იყო არა რადიკალიზაციისკენ, არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ნაკარნახევი იყო საერთო-ეროვნული ინტერესებით. მოკლედ, ერთი მხრივ ვიხილეთ ის, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ არ მივაქცევთ საფრთხეს სათანადო ყურადღებას, როცა პოლიტიკოსი და მმართველი ვერ აცნობიერებს, რომ ის არა მარტო მხარდამჭერების ლიდერია, არამედ იმათიც, ვინც მის წინააღმდეგ აძლევს ხმას. მართალია, ბოლოს ტრამპმა არა მარტო მოუწოდა პროტესტანტებს დაშლისკენ, არამედ ისიც თქვა, ჩემი ერთადერთი საზრუნავი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებააო, მაგრამ ეს დაგვიანებული იყო. თუმცა მის განცხადებებს ვითარების დეესკალაციისთვის ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა.
იმავდროულად, ვნახეთ საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუტები და რა როლი აქვს ყოველივე ამას კრიზისის განმუხტვაში,”- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
კითხვაზე რამდენად ეცლება ახალ ადმინისტრაციას ჩვენი რეგიონისთვის, სადაც აშკარაა, რომ რუსეთი გავლენის უფრო განმტკიცებას ცდილობს, ექსპერტი პასუხობს, რომ საქართველოს ინიციატივებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის საქართველოს ადგილი ამ გლობალურ დღის წესრიგში
,,ამ კითხვის პასუხს 2 შემადგენელი აქვს. პირველი – ეს დამოკიდებულია იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს და მომავალში ექნება ახალ ადმინისტრაციას. ჯო ბაიდენიც და მისი ადმინისტრაციაც კარგად იცნობენ საქართველოს, საზოგადოდ, რეგიონს, იცნობენ ჩვენს როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევებს. ასევე კარგად იცნობენ რუსეთს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, სახელმწიფო მდივნად მოიაზრება ტონი ბლინკენი, რომელიც შესანიშნავად იცნობს საქართველოს. მან კარგად იცის, რა არის “ცივი” და ჰიბრიდული ომიც. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ყირიმის ოკუპაციის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა. მოკლედ, ამ ადმინისტრაციას არ სჭირდება რეგიონის გაცნობა. მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული ხედვა სამხრეთ კავკასიის შესახებ. იმავდროულად, გაცხადებულია, რომ ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის დახმარების აღმოჩენა იქნება.
ბაიდენის დევიზი, რომ ამერიკა უფრო ძლიერად დაბრუნდება მსოფლიო ასპარეზზე, ნიშნავს, რომ მისი, როგორც ლიდერის როლი გაიზრდება. ასევე ცნობილია პოზიცია, რაც ახალ ადმინისტრაციას შავი ზღვის შესახებ აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ეს არის თქვენი კითხვის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი კი შეეხება იმას, თუ საქართველო რამდენად აქტიური და რამდენად წარმატებული იქნება. როგორ მოვახერხებთ და დავამტკიცებთ, რომ ჩვენ კვლავაც შეგვიძლია ვიყოთ ის სანიმუშო სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია იამაყოს რეფორმებით, დემოკრატიული წინსვლით და ა.შ. უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია შეცდომის აღიარებაც და კრიზისის დაძლევაც, რომ შეგვიძლია გვქონდეს სახელმწიფო, რომელსაც ღირებულებებზე დაფუძნებული გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება შეუძლია. ყოველივე ეს დამოკიდებულია იმაზე, ამ ვითარებაში თავად ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი როლი და ადგილი როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, რისი შეთავაზება შეგვიძლია არა მარტო განცხადებებით, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც.
მოკლედ, საქართველოს ინიციატივებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის საქართველოს ადგილი ამ გლობალურ დღის წესრიგში, სადაც მოხვედრა და აქტუალურობის შენარჩუნება ძალიან რთულია. უკვე ვთქვი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. გამოვიყენოთ, რომ ამ შესაძლებლობაზე დავაშენოთ ახალი ინიციატივები, რაც ორმხრივი ურთიერთობის სხვა სიბრტყეში გადატანის შანსს მოგვცემს. დღეს საქართველოს კარგი პოზიცია აქვს, ამის გამოყენებისთვის კი საჭიროა ქვეყანაში შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს პოლიტიკურ კრიზისებს საქართველოში,”- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ცნობისთვის, 6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში, კონგრესის ერთობლივ სხდომაზე, სადაც ახალარჩეული პრეზიდენტის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ, პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ. არეულობისას დაიღუპა ოთხი ადამიანი. ამ ყველაფერს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადებები მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა კანდიდატის ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი. მან არჩევნებს არაერთხელ უწოდა გაყალბებული და საკუთარ გუნდთან ერთად არჩევნების შედეგების შესაცვლელად წამოიწყო არაერთი სასამართლო დავა, რაც უშედეგოდ დასრულდა.