გივი მიქანაძე გრეგორი მიკსის ინტერვიუზე: ამერიკელი კონგრესმენის განცხადების კონტექსტი კიდევ ერთხელ გაყალბდა

“ამერიკელი კონგრესმენის განცხადების კონტექსტი კიდევ ერთხელ გაყალბდა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ამერიკელი კონგრესმენის გრეგორი მიკსის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მიქანაძის თქმით,  განცხადების ინტერპრეტირება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

“ამერიკელი კონგრესმენის განცხადების კონტექსტი კიდევ ერთხელ გაყალბდა, მან ზოგადი ხასიათის პასუხი გასცა იმ კითხვაზე, რომელიც ჟურნალისტის მხრიდან იყო დასმული, თუმცა ჟურნალისტის მიერ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს აბსოლუტურად სხვა კონტექსტით იყო გამოყენებული, თითქოს მან ეს გამოიყენა მისადაგებულიყო იმ რეალობასთან და მოცემულობასთან, რაც დღევანდელ რეალურ სიტუაციას შეესაბამება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები არიან სასოწარკვეთაში და ნებისმიერი ამგვარი ინფორმაცია ცდილობენ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. ხოლო ჟურნალისტის მხრიდან ასეთი ინტერპრეტირება და პოლიტიკური ძალებისგან მსგავსი ინტერპრეტირება იმ განცხადებისა, რომელიც ზოგადი ხასიათის შინაარსს წარმოადგენდა, არის მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საქართველოში არჩევნებზე ისაუბრა. კითხვაზე, რას ეტყოდა ის ქართველ კოლეგებს მაშინ, როცა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამოითქვა პროტესტი და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საუბრობს მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნების მიტაცებაზე, გრეგორი მიკსი აცხადებს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

„ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურეს და არ დაუშვებენ, რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“, – აცხადებს მიკსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები