“ის, რითაც სააკაშვილი 2012 წლის შემდეგ ამაყობდა, ტყუილი აღმოჩნდა” – დავით ჩიხელიძე
„სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას გამართლება არ აქვს, იქნება ეს ა.შ.შ -ში, საქართველოში თუ ნაკლებად განვითარებად ქვეყანაში”, – ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების” ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აშშ-ში კაპიტოლიუმზე თავდასხმას.
„პირველად 1814 წლის შემდეგ, კაპიტოლიუმზე თავდასხმა განხორციელდა, რაც ნათლად ასახავს გუშინდელი დღის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატების საკითხებში კომპეტენტური არ ვარ, შესაბამისად, სიღრმისეული ანალიზისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას გამართლება არ აქვს, იქნება ეს ა.შ.შ -ში, საქართველოში თუ ნაკლებად განვითარებად ქვეყანაში.
ჩვენთვის საინტერესო მოვლენები კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე განვითარდა. სენატორმა, ჯინ შაჰინმა სიტყვით გამოსვლის დროს გაიხსენა საქართველოში 2012 წელს განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირადად შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა/დათმობა. „არა არს დაფარული, რომელიც არა გამოცხადნეს.” გუშინ დავინახეთ, რომ ის, რითაც სააკაშვილი 2012 წლის შემდეგ ამაყობდა, ტყუილი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა სააკაშვილის მიდრეკილება ძალადობისა და დიქტატურისადმი. მიშასთვის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომ მხოლოდ „გეგმა ბ” იყო, ნათლად ჩანს არჩევნების დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში. „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ პარლამენტში კვლავ უმრავლესობით იქნებოდნენ წარმოდგენილნი. ის, რომ 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა განხორციელდა, არა სააკაშვილის, არამედ, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის და საქართველოს სტრატეგიული, ერთგული მეგობრების დამსახურება არის!”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.