“სოციალურად დაუცველ ყველა მოქალაქეს 65 000-დან 100 000 ქულამდე და 0-დან 100 ათას ქულამდე, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნება 100-ლარიანი მხარდაჭერა”
“ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100-ლარიანი მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100-ლარიანი მხარდაჭერა.
„18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100-ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის, დაახლოებით, 610 მილიონი ლარი. გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მთავარია ის, რომ დაიწყო განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.