ეკატერინე ტიკარაძე: თებერვალში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას
“თებერვალში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია გადანაწილებული იქნება მოწყვლად ჯგუფებზე.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ „კოვაქს“ პლატფორმასთან, რომელიც ქვეყნის მხრიდან აუცილებლად მოითხოვს ვაქცინასთან დაკავშირებით გეგმის წარდგენას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და „კოვაქს“ პლატფორმისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს გეგმა.
დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი“, – განაცხადა ტიკარაძემ.