სახელმწიფომ მეჩაიეთა თანადაფინანსება 90%-მდე გაზარდა

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, 168 ჰექტრის რეაბილიტაცია განხორციელდა. ჯამურმა ინვესტიციამ 419,192 ლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ 293,434 ლარი შეადგინა.

სახელმწიფომ მეჩაიეთა თანადაფინანსება 90%-მდე გაზარდა. კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს.

მთავრობა ჩაის კულტურის მხარდამჭერ ღონისძიებებს აგრძელებს. სარეაბილიტაციო ღონისძიებებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული. თუმცა, ნედლეულის დეფიციტი მეჩაიეობის მთავარ გამოწვევად რჩება.

პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში, პროგრამის ბენეფიციარმა ყოველწლიურად უნდა აწარმოოს 2 000 კგ ნედლი ფოთოლი, არანაკლებ 1 ჰა-ზე და 1 000 კგ ნედლი ფოთოლი – ბიოჩაის მოყვანის შემთხვევაში.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამმუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა, პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო; პროგრამაში ჩართულია 39 ბენეფიციარი; პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 1,192 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის, 790 ჰა სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული ფართობებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები