“მარად, მიშველე, დამჭრაო, წამოვხტი, მიშოს ღრმა ჭრილობა არ ჰქონია, როდესაც სასწრაფო მოვიდა, ჩვეულებრივ ჩავიყვანეთ, ეს განზრახ მკვლელობა არ ყოფილა, უბედური შემთხვევა იყო” – გარდაცვლილი მიშო ახლოურის მამა დეტალებს იხსენებს

გარდაცვლილი 19 წლის მიშო ახლოურის მამა „რუსთავი 2“-თან საუბარში ძმებს შორის დაწყებული კონფლიქტისა და ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

როგორც მარად ახლოური ამბობს, გიორგის მიშოსთვის უთქვამს, რომ ტელევიზორი გამოერთო, რადგან დილით ადრე იყო წასასვლელი.

„9 საათზე, როდესაც „კომენდანტის საათი“ იწყებოდა, სახლში მოვედი, მიშო ზალაში იყო, ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და დივანზე იჯდა. დაახლოებით, 10 საათზე დავიძინე და უცებ მიშიკო მაღვიძებს, წინ დგას და მეუბმენა – „მარად, მიშველე, დამჭრაო“. წამოვხტი, სისხლი რომ დავინახე, აღარ ვიცი, რა გავაკეთე. შემდეგ გიორგი გამოვიდა და წამოვაწვინე, ამბობდა, რომ ცუდად იყო.
გიორგის უთქვამს მიშოსთვის – გამორთე ტელევიზორი, დილით ადრე ვარ წასასვლელი. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა მაგ დროს, რაზე მოხდა კამათი არ გამიგია. მე რაც დავინახე, მიშოს ღრმა ჭრილობა არ ჰქონდა”, – ამბობს მიშო ახლოურის მამა.

მარად ახლოური აცხადებს, რომ გიორგის დანა ტელევიზორის სადენის გადასაჭრელად ჰქონდა და აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევა იყო.

„გიორგის დანა იმიტომ ჰქონდა, რომ მიშიკოსთვის ტელევიზორის სადენი გადაეჭრა. მიშოს საკუთარი ძაღლი ჰყავს და იმ დროს, შემთხვევით, ძაღლი აღმოჩნდა იმ სიტუაციაში და რაღაც გააკეთა,  გიორგის მიერ ძაღლისთვის მოქნეული დანა კი მიშოს მოხვდა.
გიორგი სასწრაფოში რეკავდა, ეს სამჯერ განმეორდა, ველოდებოდით. როდესაც სასწრაფო მოვიდა, ჩვეულებრივ ჩავიყვანეთ.
ეს განზრახ მკვლელობა არ ყოფილა, ეს იყო უბედური შემთხვევა, ჩვენ ასე ვთვლით. შემთხვევითი უბედურება დაემართა ჩემს ოჯახს”, – ამბობს გარდაცვლილი მიშო ახლოურის მამა.

ცნობისთვის, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები