შალვა ნათელაშვილი: საფრანგეთის პრეზიდენტი პედოფილიის მსხვერპლია
„ეს პრეზიდენტი საფრანგეთისა, მართლა პედოფილიის მსხვერპლია და ამაში მისი პედაგოგები არიან დამნაშავეები”, – ამ სიტყვებით ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის პრეზიდენტისგან საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას.
„ახლა მთლად საოცარი გავიგე. ეს ჯილდო თურმე კოვიდ-ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული უდიდესი საქმიანობისთვის მიუნიჭებიათ ივანიშვილისთვის. არა, ეს პრეზიდენტი საფრანგეთისა, მართლა პედოფილიის მსხვერპლია და ამაში მისი პედაგოგები არიან დამნაშავეები, თუმცა…”, – აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერმინისტრია.
საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საპატიო ლეგიონის ორდენი 1 229 ადამიანმა მიიღო. აქედან, კავალერის წოდება 1 087 ადამიანს მიენიჭა, ოფიცრის – 111 ადამიანს, ხოლო კომანდორის – 21 ადამიანს.
საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებული აქვთ მუსტაფა ქემალ ათათურქს, ონორე დე ბალზაკს, ჟან-პოლ ბელმონდოს, იოსეფ ბროდსკის, შარლ დე გოლს და საფრანგეთისა და უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.