აკაკი ცომაია: სავალუტო რეზერვების ხელაღებით ხარჯვა გაცილებით დააზარალებს ეკონომიკას, ვიდრე – ლარის კურსის მერყეობა

ორი დღეა, ლარი ერთბაშად 23-24 თეთრით გაიაფდა. 2021 წლის ეკონომიკურ მოლოდინებზე, ლარის კურსის მოსალოდნელ ცვლილებებზე ,,კვირა“ ეკონომიკის ექსპერტს, აკაკი ცომაიას ესაუბრა:

-მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელი ზოგადად აღმავალი ეკონომიკური აქტივობით უნდა გამოირჩეს. როგორი მოლოდინებია ამ მხრივ საქართველოში?

-ხელისუფლება ფიქრობს, რომ საქართველოში 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,3% იქნება, თუმცა, ჩემი მოლოდინები ოდნავ განსხვავებულია. პესიმიზმის საფუძველს მაძლევს პანდემიური მდგომარეობა. ჯერ არაა ცნობილი, როდის დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში და როდის გაიხსნება ეკონომიკა. ეს ორი მოვლენა კი ერთმანეთსაა გადაჯაჭვული. თუ პანდემიური მდგომარეობა მთელს მსოფლიოში შედარებით არ დასტაბილდა, საუბარი ზედმეტია ტურიზმზე და ამ დარგის აღდგენაზეც, რაც მნიშვნელოვანი სავალუტო რეზერვების შემომტანია ქართულ ეკონომიკაში. ამიტომაც, მგონია, რომ 2021 წელს ჩვენი ეკონომიკა ვერ დაუბრუნდება საწყის პოზიციებს.

-ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ უახლოესი წლების განმავლობაში მსოფლიო ტურისტული შემოსავლების იმედზე ვეღარ დაგეგმავს საკუთარ ბიუჯეტს. ხომ არ აჯობებდა, საქართველოსაც აქცენტი
ტურისტული სფეროდან სხვა სფეროზე გადაეტანა?

-ასე დაკვეთით და ერთი ხელის მოსმით დარგიდან დარგზე აქცენტების გადატანა შეუძლებელია. როგორი პროდუქტიულიცაა ქვეყანა, იმის მიხედვით იქმნება მისი ეკონომიკაც. ვერ მოხდება ისე, რომ ტურიზმს დროებით თავი დავანებოთ და თვითმფრინავებისა და ტანკების წარმოება დავიწყოთ. მრეწველობის განვითარებას, ნებისმიერი მიმართულებით, სერიოზული ტექნოლოგიური დაგეგმარება სჭირდება. ქართული ეკონომიკა დღეს იმ სექტორებისგან შედგება, რისი მეტნაკლებად განვითარებაც უკვე მოვახერხეთ, ანუ ის ვართ, რაც ვართ. ამიტომაც, ტურისტული სფეროს ჩანაცვლება რომელიმე სხვა სფეროთი საქართველოში არარეალური მეჩვენება.

-პანდემიამ მსოფლიოს დაანახა, რომ განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ხედვა უნდა შეიცვალოს და ქვეყნები რაც შეიძლება მეტად თვითკმარები უნდა გახდნენ. საქართველოს ამ მხრივ რა პერსპექტივები აქვს?

-თუ თქვენ სოფლის მეურნეობას გულისხმობთ, საქართველოში მას ისევ სერიოზული პრობლემები აქვს. გახსოვთ, 2012 წლიდან დღემდე ამ დარგში რამხელა სახელმწიფო ინვესტიციები განახორციელა ,,ქართულმა ოცნებამ“. თუმცა, პრობლემები მაინც დარჩა. სოფლის მეურნეობა საქართველოში კვლავ ფერმერულ მეურნეობებს ეფუძნება, ანუ გლეხს, რომელსაც 1 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი არ აქვს. ასეთ ფართობზე კი სოფლის მეურნეობის მომგებიანი განვითარება შეუძლებელია. დარგის წარმატებული მუშაობისთვის აუცილებელია მიწის დიდი მასივები და გამართული ტექნოლოგიები. თუ ქვეყანა შეეცდება მხოლოდ საკუთრი პროდუქციით მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაშინ პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

-საკუთარ მიწაზე მოყვანილი პროდუქცია უფრო ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე – შემოტანილი?

-აუცილებლად. მიწის დიდ ფართობზე მოყვანილი პროდუქტის ერთეულზე დანახარჯი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე – ფერმერული მეურნეობების მცირე ფართობზე მოყვანილი მოსავლისა. გარდა ამისა, საჭიროა ცოდნა, როგორ მოვიყვანოთ 1კვ.მ-ზე ისეთი მოსავალი, რომ კონკურენტუნარიანი გავხდეთ მსოფლიო ბაზარზე. ეს ცოდნაც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ შევიძინეთ. ასე რომ, სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და პრობლემური სფეროა და ერთი ხელის მოსმით მისი აღორძინება არც ჩვენს ქვეყანაშია შესაძლებელი.

-პანდემიურად ურთულეს ვითარებაში ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება როგორ მოვახერხოთ?

-ლარის კურსის რყევა კომპლექსური პრობლემაა და მიბმულია ეკონომიკურ პარამეტრებზე. რადგან ქართული ეკონომიკა დღეს მძიმე მდგომარეობაშია, უფასურდება ლარიც. მისი დასტაბილება, რასაკვირველია, შესაძლებელია, თუ დოლარს ხელოვნურად მივაბამთ ლარის კურსს. ამ შემთხვევაში, ლარი არ გაუფასურდება, მაგრამ სხვა უარყოფით ეკონომიკურ მოვლენებს გამოიწვევს, მაგალითად, იმას, რომ ქვეყანას აღარ ექნება საკუთარი მონეტარული პოლიტიკა. დღეს საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, რომლის დროსაც ლარი მერყეობს, მაგრამ ეროვნული ბანკი მონიტორინგს უწევს ლარის ფასს დოლართან მიმართებით და გავლენას ახდენს მასზე.

-ახალი წლის შემდეგ ლარის მკვეთრ გაუფასურებას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა?

-მსოფლიოში დროებით დაპაუზდა ტურიზმი, შესაბამისად, არც საქართველოში შემოდის უცხოური ვალუტა. გარდა ამისა, მთვრობამ დაიწყო მოზიდული საგარეო ვალის ხარჯვა, რომელიც ლარშია კონვერტირებული. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულ ბანკს მოუწევს მეტი რეზერვების ხარჯვა.

-ეროვნული ბანკი კი არ მიესალმება რეზერვების ხარჯვას და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ოდენობით ხარჯოს იგი.

-სავალუტო რეზერვები საჭიროებისამებრ უნდა დაიხარჯოს. რასაკვირველია, რეზერვების ხარჯვა იძულების წესით ხდება, პირდაპირ ურტყამს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს და კარგი არ არის. ეს ნიშნავს მოზიდული სავალუტო კრედიტების ხარჯის გაზრდას იმ პირობებში, როდესაც ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს გასცდა. თუ სავალუტო რეზერვებს ხელაღებით დავხარჯავთ, შესაძლოა, ინვესტორებში გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ საქართველო ფინანსური პირამიდის შექმნას იწყებს ვალების დასაფარად. ეს კი გაცილებით დააზარალებს ჩვენს ეკონომიკას, ვიდრე – ლარის კურსის მერყეობა. ასე რომ, ლარის კურსის პროგნოზირება მოკლე პერსპექტივაში სრულიად შეუძლებელია, მით უფრო, ისეთი ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თუ, რასაკვირველია, ნათელმხილველი და ვარსკვლავთმრიცხველი არ ხართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები