ოკუპირებული გალი სტიქიას შიშველი ხელებით ებრძვის (ფოტო, ვიდეო)
ოკუპირებული გალის რაიონის ათამდე სოფელში უკვე მესამე დღეა, ხანძარი მძვინვარებს – ძლიერი ქარი, დამშრალი მდინარეები და ტექნიკური რესურსების ნაკლებობა ამ სტიქიასთან გამკლავებას ართულებს. დამწვარია სახლები, თხილნარი, ნათესები, ქარსაცავი ზოლი. ხანძარია ახალი ათონის მიდამოებშიც, გუდაუთის რაიონში…
არაღიარებული დე ფაქტო რესპუბლიკის გალის ადმინისტრაციამ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოახდინა. სოციალურ ქსელებში სტიქიის ამსახველი ვიდეო და ფოტო კადრები მრავლად ვრცელდება.
სიტუაციის სიმძიმე უფრო გასაგები რომ გახდეს, „გალ ტვ“-ს გუშინდელი სიუჟეტიდან ციტატის მოყვანა შეიძლება – „ხანძრის ქრობაში მონაწილეობა მიიღეს უშუალოდ გალის რაიონის ხელმძღანელმა და МЧС-ის მინისტრმა, რომლებიც ხალხსა და ჩვენს გადამღებ ჯგუფთან ერთად ჭიდან წყალს ავსებდნენ და „ვედროებით“ მოჰქონდათ, რათა დაზარალებულებს დახმარებოდნენ, მაგრამ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა“. როგორც ჩანს, ადგილობრივი ტელევიზიის მესვეურთა თავისებური სურვილი იყო, ოკუპირებული გალის ახალდანიშნული თავკაცის გმირობა ეჩვენებინათ და საკუთარი ჟურნალისტ-ოპერატორის სამოქალაქო თავდადებაც, მაგრამ ის შინაარსი, რაც ამ პათოსის უკან დგას, ცხადყოფს, რომ როგორც კოვიდ პანდემიის ბრძოლაში, ასევე მსგავსი სტიქიური უბედურებების პირისპირ აფხაზეთი, შიშველი ხელებით იბრძვის.
რეალობა ასეთია – ჟურნალისტებსა და მინისტრებს ხანძრების ქრობა სათლებითა და ბოთლებით უწევთ, ხოლო კოვიდ ინფიცირებულებისთვის მთელი აფხაზეთის მასშტაბით 1 ე.წ კატე აპარატი აქვთ. ამასობაში, ახალი წლის დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიამ რეკორდულად ბევრი – 11 ადამიანი შეიწირა. ფაქტია, ამ კრიზისის მართვაშიც სოხუმი აშკარად არასახარბიულო მდგომარეობაშია. მით უფრო, რომ, როგორც აფხაზურ სოციალურ ქსელებიდან ჩანს, ხალხს მასობრივად არ სჯერა კოვიდის არსებობის თუ ვერაგობის, პირბადეების გაკეთებას დღემდე “ნონსენსად” თვლიან და არც გულიან დროს ტარებაზე ამბობენ უარს.
პარალელურად, რუსეთიდან დიდი ტურისტული ნაკადია – როგორც რუსი ბლოგერები წერენ, რიწის ტბასთან სერიოზული საცობებია. გასაგებია – კრემლისგან ულუკმაპუროდ დატოვებულ აფხაზებს რუსი ტურისტების ხარჯზე სურთ თავის გატანა და შვილების გამოკვება. ამიტომაც გაუხსნეს პანდემიის ჟამსაც კი მათ კარი, მაგრამ ეს სინამდვილეში ცალ კარში თამაშს ჰგავს და „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ კონცეპციასთან საერთო არაფერი აქვს. რატომ ცალ კარში? ამ უკვე აქსიომის საილუსტრაციოდ საკმარისია, 4 იანვარს “იუთუბ”-ზე აფხაზ ასტამურ ტარბას მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ვნახოთ, სადაც ჩანს, თუ როგორ უფუჭდება მას ტონობით მოუკრეფავი მანდარინი.
ვიდეოს სახელწოდებაა – „რუსეთის მხრიდან არაოფიციალური ემბარგოს გამო მოსავალი ლპება“. ტარბა ყვება, რომ რუსი მესაზღვრეები არ აძლევენ მანდარინის გატანის უფლებას და ამიტომაც მისი დაკრეფაც კი აზრს კარგავს. ამას გარდა, ბლოგერმა დავით ჟვანიამ ფოტო/ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ უამრავი მანდარინი ზღვის სანაპიროზეა გამორიყული – თურმე, მდინარე კელასურაში რუსეთში ვერგაყიდული ციტრუსი გადაყარეს… და ეს ხომ ერთადერთი მაგალითი არ არის იმისა, თუ როგორ „ეხმარება“ კრემლი აფხაზებს და ამ ილუზორული დახმარების სანაცვლოდ რა სისქის ყულფში მოაქცია „დამოუკიდებლობა“ მიღებული აფხაზეთი? უკვე ხომ პირდაპირ დაისვა საკითხი იმისა, რომ რუსებისთვის უნდა დაიშვას მიწისა და ენერგორესურსების შესყიდვის უფლება. დღეს დე ფაქტო სოხუმი თავისი დაუმტკიცებელი 2021 წლის ბიუჯეტითა და მაინინგის პრობლემით, ფაქტობრივად, სახელმწიფო შანტაჟის ქვეშაა.
ნამდვილად სამწუხაროა, რომ ოკუპირებულ გალში, ისევე როგორც დანარჩენ აფხაზეთი, დღეს სტიქია მძვინვარებს. საქართველოს სხვა რაიონებშიც არის მსგავსი ფაქტები და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ქართველი მეხანძრეები ამ ხანძრებს აქტიურად ებრძვიან – უბრალოდ, რამდენად რთული ეკონომიკური ვითარება არ უნდა იყოს ენგურს აქეთ, ჩვენ რუსებისგან დამადლებულ სპეცტექნიკას ნამდვილად არ ველით, „ვედროებით“ ოპერატორებს არ ვარბენინებთ. ყველაფერთან ერთად, ჩვენს ენგურს იქეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებსაც არა დამადლებული, გულწრფელი დახმარებაც უკვე შევთავაზეთ.
ელენე ჯანაშია
ფოტომასალა აღებულია ბლოგერ დავით ჟვანიას სოციალური ქსელიდან