მამუკა მდინარაძე: ყველა ვერ იქნება ბედნიერი ამნისტიის შედეგებით
“ჩვენი ანგარიშით, ამნისტიის პროექტი უნდა შეეხოს 1000-ზე მეტ პატიმარს. ამ შემთხვევაში, საუბარია პატიმრების გათავისუფლებაზე, თორემ მთლიანად შესაძლოა, ეს გაცილებით მეტი რიცხვი იყოს იმიტომ, რომ იქ ბევრ შემთხვევაში სასჯელის შემსუბუქებაზეა საუბარი”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში რისკებზეც მსჯელობენ, რადგან ამნისტია ძალიან ფრთხილი თემაა.
„პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან კონსულტაციები ყველა მიმართულებით გადის, ფართო ჩართულობაა და ორივე მხარის არგუმენტებს ვითვალისწინებთ. ორივე მხარე და, ზოგადად, ყველა ვერ იქნება ბედნიერი ამნისტიის შედეგებით. ზოგ შემთხვევაში ვიღაც რისკს დაინახავს, რომ შეიძლება, ვიღაცამ განმეორებითი დანაშაული ჩაიდინოს. ზოგ შემთხვევაში ვიღაც დაინახავს ნაკლებ ლოიალურობას იმიტომ, რომ შესაძლებელი იყო, კიდევ უფრო გაფართოებულიყო. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი პროექტის წარმოდგენის შემდეგ ეს პროექტი ნამდვილად გაფართოვდა და სადაც ამის შესაძლებლობა იყო, ასევე, გონივრული მოლოდინი იმისა, რომ რისკები ამ მიმართულებითაც გაფართოების მიუხედავად შემცირდებოდა, აქ ჩვენ დავუშვით რამდენიმე მუხლი დამატებულიყო. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ამნისტია ჰუმანური აქტია და, მეორე მხრივ, რისკებს მაქსიმალურად აზღვევს, საზოგადოების უსაფრთხოებას არ დაარტყამს იმგვარად, რომ აქ არგუმენტები მყარი იყოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.