ირაკლი კობახიძე: საგარეო ვალის გაზრდის მიზეზი არის მარტივი – ეს არის პანდემია
“მიზეზი არის მარტივი, ეს არის პანდემია”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას – “რატომ აქვს სახელმწიფოს ბევრი საგარეო ვალი აღებული”.
რაც შეეხება ლარის კურსს, კობახიძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ლარის კურსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს.
“მიზეზი არის მარტივი, ეს არის პანდემია. თქვენ შეგიძლიათ, გადახედოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მათ შორის, განვითარებული დასავლური ქვეყნების პრაქტიკას და იქაც შეგიძლიათ, ნახოთ, მაგალითად, გერმანიას რამდენი ვალი აქვს აღებული მარტო პანდემიის გამო. სამწუხაროა, რომ ასეთ სიტუაციაშიც ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას თემებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ლარის კურსს, მთლიანობაში, ლარზე ზეწოლა არის ძალიან დიდი, მაგრამ ბიუჯეტშიც იყო ასახული საპასუხო მექანიზმებისთვის შესაბამისი რესურსები, აქედან გამომდინარე, წინასწარ თადარიგი არის დაჭერილი. დანარჩენი არის ეროვნული ბანკის საქმე. მთავრობაც იქნება ჩართული, ბუნებრივია, ამ საქმეში და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კურსი იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული. ზეწოლა არის დიდი გამომდინარე საერთო ეკონომიკური პრობლემებიდან, რაც შექმნა პანდემიამ, თუმცა, საპასუხო ზომებიც წინასწარ არის მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.