ფრიდონ ინჯია: სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა, ის, ვისაც მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს
“პარლამენტში შესვლასთან ერთად, ჩვენ ვტოვებთ „პატრიოტთა ალიანსს“, როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში”, – ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას”.
“დღეს ჩვენ: ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი – როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზნები.
დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა. ამ ვითარებაში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია, თითქოს, ხელს უწყობს მათ ასეთ ქმედებას.
აშკარაა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას”. ეს არის კოჰაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ „ქართულ ოცნებას” მწვავედ ვაკრიტიკებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. „ნაციონალებს” სურთ ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე, გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად, ქვეყნის არევასა და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებენ, ხოლო „ქართულ ოცნებას” აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს.
არც ერთი და არც მეორე მიდგომა არ არის სახელმწიფოებრივი და ის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდობის ემიგრაციას სხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არაა, ის ვისაც ამისი მანდატი აქვს უნდა იყოს პარლამენტში.
ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, რაც უნდა ის მცირე იყოს, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებები, მაგრამ გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული, კონსტრუქციული, არგუმენტირებული დასკვნებით და ამასთანავე მოურიდებელი მწვავე კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ, შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე.
მწვავე კრიტიკასთან ერთად, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი, საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ეს არის ქვეყნის სტაბილურობა და ერთიანობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, დიპლომატიით.
შეიძლება, დაისვას კითხვა, ვფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნები გაყალბდა. თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები, მაგრამ როდესაც არჩევნების გაყალბების საფუძვლით არ შედიხარ პარლამენტში, ამას საფუძვლიანი მტკიცებულებები ესაჭიროება. ჩვენ კი ასეთი მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიებისგან ვერ ვიხილეთ.
მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული და თავისუფალი. იყო პრობლემები „საარჩევნო კოდექსშიც”, თუმცა, თავის დროზე არც ერთ პარტიას არ უთქვამს უარი ამ კოდექსის პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე. საბოლოოდ, პრობლემების მიუხედავად, ეს პარლამენტი, თავისი 9 პოლიტიკური პარტიით და უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნებით” ასახავს ამომრჩევლის განწყობას და ნებას, რასაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ თვლის საკუთარ თავს გამარჯვებულად ან დამარცხებულად
ამ არჩევნებში. ვერ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც დადებს მტკიცებულებებს იმისა, რომ რომელიმე ამომრჩეველი ხელების გადაგრეხვით მიიყვანეს საარჩევნო ყუთთან ან ამავე გზით მოაწერინეს ოქმზე ხელი. ყველამ ეს გააკეთა თავისი ნებით. როგორ მივიდა, ამა თუ ის ამომრჩეველი, ამ თავის გადაწყვეტილებამდე, ეს უკვე სხვა საკითხია, საკითხი რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში.
პარლამენტში შესვლასთან ერთად, ჩვენ ვტოვებთ „პატრიოტთა ალიანსს”. ეს არის ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ჩვენ ამ პარტიისთვის და მათ შორის, 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმატებისთვის, ბევრად მეტი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი, რომელიც პარტიას გასული წლების მანძილზე შევწირეთ. პირადად მე გახლდით 2016 და 2020 წლის არჩევნებში პასუხისმგებელი და კურატორი პარტიიდან სამეგრელოს რეგიონში. რამაც გარკვეულწილად განაპირობა პარტიის მიერ დადებული შედეგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, როდესაც არსებობს პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ეს ნაბიჯი დღეს გადავდგით. დარწმუნებული ვართ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ბატონ დავით თარხან-მოურავს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ აქ პარლამენტში ამ სტატუსით.
მომავალ შაბათს ჩვენ ჩავატარებთ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების” ყრილობას და წარვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა, ჩვენი თვითმყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, ჩვენი გეგმის დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში მეტ ინფორმაციას მიიღებთ. თქვენ იქნებით მოწმეები, თუ როგორ სამაგალითო პარტიას შევქმნით, ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველაფერი, პირველ რიგში გამოცდილება და ქვეყნის სიყვარული.
ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა ახალმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში ახალი „საარჩევნო კოდექსის” და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციურ პარტიას, შემოვიდნენ პარლამენტში და არავის მისცენ ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა”,- აცხადებს ინჯია.