მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა, მუდამ იყოს დღის წესრიგში დეოკუპაციის თემა

“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა, მუდამ იყოს დღის წესრიგში დეოკუპაციის თემა და ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით, შერიგების გზით ვიაროთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ შეაფასა ოპონენტების ის განცხადებები, რაც მათი მხრიდან რუსეთის ფედერაციის ამ ინიციატივასთან მიმართებით გაკეთდა.

„ჩვენი ოპონენტების საკმაოდ დიდი ნაწილის ადგილზე საერთოდ არ ვილაპარაკებდი საზღვართან დაკავშირებით, რადგან მათი „ძლიერი მხარე“ ეს თემა არ არის. ალბათ, ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა, მუდამ დღის წესრიგში იყოს დეოკუპაციის თემა და ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით, შერიგების გზით უნდა ვიაროთ.

რაც შეეხება საზღვრების დადგენის საკითხს, ვფიქრობთ, რომ ეს არის საკითხი, რომელთა მიმართებითაც სახელმწიფომ თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ასეც ვიქცევით, მათ შორის, გახსოვთ დავით გარეჯის თემა. თითოეულ დეტალს ისე მივყვებით, რომ ეროვნული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული. რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, არაფერს ველით და არ ვფიქრობ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ისეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში იქნება. ამას ყველა ჯერზე მტკიცედ უნდა დავხვდეთ და ამაში ხელს გვიწყობენ დასავლელი პარტნიორები და ამ გზაზე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არ გვაქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ, რუსული მედიის ინფორმაციით,  რუსეთის პრეზიდენტმა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენელი  დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები