არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გუნდი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის ერთგულია – ახალმა პარლამენტმა ეს პირველი რეზოლუციითაც დაადასტურა

არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეაჯამა, რომლებიც მეათე მოწვევის პარლამენტმა მიიღო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის ერთგული რჩება.

„ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა და უმრავლესობამ მიიღო, ეს არის საგარეო პოლიტიკური მიმართულებების შესახებ რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ, სადაც მკაფიოდ არის გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ და, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი რჩება ერთგული საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მიმართ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რომელიც უკვე მუშაობს იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2021 წლის ბიუჯეტი, რეალურად, სწრაფი აღდგენის ბიუჯეტია.

„ჩვენ ასევე დავამტკიცეთ საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც ასახავს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს – პირველი, ეს არის პანდემიის დასრულებამდე ჩვენი მოქალაქეების დაცვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა კოვიდ 19-თან მიმართებაში, მეორე  არის იმ მოქალაქეებისთვის დახმარების უზრუნველყოფა, ვინც დაკარგა სამსახური, დაკარგა შემოსავალი და ვისაც ყველაზე მეტად დღეს სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. მესამე – ეს არის ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი კერძო სექტორის მიმართ, ბიზნეს სუბიექტების მიმართ, მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში, რათა პანდემიის დასრულების მომენტისთვის ჩვენი ეკონომიკა და კერძო სექტორი მზად იყოს სწრაფი აღდგენისთვის. ეს არის სწრაფი აღდგენის ბიუჯეტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები