2 იანვარი შიო არაგვისპირელის გარდაცვალების დღეა
ქართველი მწერალი შიო არაგვისპირელი (დედაბრიშვილი) 1867 წლის 16 დეკემბერს დუშეთის რაიონის სოფელ ქარისხევში დაიბადა.
1877 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
1890 წელს ვარშავის საბეითლო (სავეტერინარო) ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.
1893 წელს ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა „საქართველოს განთავისუფლების ლიგა“, დააპატიმრეს და იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის ციხეში.
1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა.
შიო არაგვისპირელმა დაახლოებით 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები – ეტიუდი, ესკიზი, სურათი.
შიო არაგვისპირელი გარდაიცვალა 1926 წლის 2 იანვარს, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.