„პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს“ – ვალერიან გაფრინდაშვილის დაბადების დღე
1889 წლის 2 იანვარს პოეტი ვალერიან გაფრინდაშვილი დაიბადა.
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ – მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1914 წელს. რედაქტორობდა ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებს” 1919-1924წწ., წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა და გაზეთ „ზარია ვოსტოკას” მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას.
ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „მეგობარში”. მის შემოქმედებაში გამოვლინდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები.
ლექსების პირველი კრებული 1919 წელს გამოსცა, ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპური ლექსების კრებული.
გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: „ლექსები” (1926), „ლექსები” (1937), „რჩეული” (1956), ხოლო 1990 – კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.
ვალერიან გაფრინდაშვილი
პირველი თოვლი
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს –
ახალ სიამეს.
ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო,
ფარდა მთოველი,
და მთელ ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორი.
სდუმდა ყოველი.
განმარტოებით ხმაურობდა სადღაც სარაჯი,
შრიალი ქსელთა.
და იდგა თვალი – საპატიო თეთრი დარაჯი
ჩვენს სარეცელთან.
მაგრამ შეირხა თოვლიანი ფარდა მრავალი-
ცა იმედების.
მოვიდა ქარი და გამართა სხვა კარნავალი
თეთრი გედების.
სარეცლიდან დავინახეთ მთელი თეატრი,
ჩვენთან მოსული.
ყველა გმირები გვილოცავდნენ და ბეატრიჩე,
ბროლით მოცული,
იყო ნირვანა და გრიგალის ხმა დაკორძილი
წვით და წვალებით.
პირველმა თოვლმა გადიხადა ჩვენი ქორწილი
მეტ ბრწყინვალებით.
ო,რარიგ არის სანეტარო თოვლი პირველი:
პირველი თოვლი!
ნათელ ბავშვობის სიყვარულის გასაკვირველი
პირველი თოვლი.
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს –
ახალ სიამეს.
.