„ახალ წელს ხალისიანი განწყობით ვხვდები“ – შობის ყვავილი, ბეღურები და საახალწლო ლექსებით გაფორმებული ბოთლები

პროფესიით მხატვარი. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი მონუმენტური მოხატვა/სივრცითი დიზაინის განხრით დაამთავრა.
სწავლის პარალელურად მუშაობდ  კერამიკულ საამქროში მხატვრად. 2007 წელს აკადემია დაამთავრა მაგისტრის დიპლომით.
ამბობს, რომ კერამიკაზე  მუშაობამ უკეთ შეასწავლა თიხის ტექნოლოგია. მოგვიანებით სხვადასხვა ნივთის მოხატვა დაიწყო.
საახალწლო აქსესუარებზე მუშაობა ჯერ ნაძვის ხის  პატარა დეკორაციებით დაიწყო, შემდეგ გადავიდა თეფშების მოხატვაზე, დაბოლოს,  ბოთლებზე. – მხატვარ თამუნა კობერიძის პერსონა.


– ხატვა ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ… პირველი ნახატები…
– მყავს მშობლები: მამა – ნოდარ კობერიძე, დედა – ია მიქაძე, და ძმა – ლევან კობერიძე.
მშობლები  მირჩევდნენ სხვადასხვა პროფესიის არჩევას, მაგრამ ბავშვობიდან სულ იმას ვამბობდი, რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. ბავშვობიდან, რაც ცნობიერება მაქვს, სულ ვხატავდი.
თავდაპირველი ნახატები იყო პორტრეტები, რატომღაც  მომწონდა და თან სახელებს ვარქმევდი. ხშირად ვხატავდი ისეთ პორტრეტს, როგორი მინდოდა ვყოფილიყავი, როცა გავიზრდებოდი (სამწუხაროდ, არ შემომრჩა ჩემი პირველი პორტრეტები).
თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დამთავრეთ.  სტუდენტობა…
– სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდი  კარგად მახსენდება. მშობლების დიდი დამსახურებაა, რომ აკადემიაში ჩავაბარე და  საყვარელ საქმეს ვეზიარე. სტუდენტობის პერიოდიც  ხალისიანი და საინტერესო იყო – გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, ლექტორები, მეგობრები, რომელთანაც დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი აკადემიაში. შევიძინე საყვარელი პროფესია და მეგობრები.
– აკადემიაში სწავლის პარალელურად კერამიკულ საამქროში მხატვრად მუშაობდით…
– მაშინ, ძირითადად, ჭიქურზე ვმუშაობდი. მონუმენტურიდან მცირე ზომის  მოხატულობაზე გადავერთე და შევიყვარე.
ვფიქრობ, აქედან მოდის მცირე ზომის ნივთების მოხატვისადმი ჩემი  ინტერესი და სიყვარული. კერამიკაზე  მუშაობამ უკეთ შემასწავლა თიხის ტექნოლოგია.
– მოგვიანებით სხვადასხვა ნივთის მოხატვა დაიწყეთ…
– ჯერ იყო თეფშები, შემდგომ გადავედი ბოთლებზე. თუმცა სხვა ნივთებისა და განსხვავებული დეკორაციების გაკეთებასაც ვგეგმავ.
ნივთებს ვარჩევ ვიზუალის, ფორმის მიხედვით. თუმცა ისეც მომხდარა, რომ ნივთის არჩევანი არ მქონია, მაგრამ ნამუშევარი მომირგია და მომიხდენია.
–  გამორჩეულად ლამაზია საახალწლოდ თქვენ მიერ მოხატული ჭურჭელი… ლექსები ბოთლებზე, რაც კარგ განწყობას ქმნის…
საახალწლო აქსესუარებზე მუშაობა დავიწყე ჯერ ნაძვის ხის პატარა დეკორაციებით, შერეული ტექნიკით. შემდეგ გადავედი თეფშების მოხატვაზე, დაბოლოს –  ბოთლებზე.
ლექსებით გაფორმების აზრი უცებ დამებადა, თუ ბოთლებს ლამაზი შრიფტით და საახალწლო ლექსებით გავაფორმებდი, უფრო მეტ ხიბლს შესძენდა მათ.
– კიდევ რის  მოხატვას აპირებთ ახალ წლამდე?
– ახალ წლამდე  ვაპირებ პატარა თიხის ფირფიტების მოხატვას მაგნიტის მისაკრავებით. ასევე თიხისგან  ვამზადებ სხვადასხვა ფორმის  დაფებს და ვხატავ.
 – ოჯახი… ჰობი…
–  ვცხოვრობ ქალაქ მცხეთაში მეუღლესთან ერთად. ბევრი ჰობი მაქვს – ქსოვა, ქარგვა, სიმღერა…
– როგორ ხვდებით ახალ წელს?
– პანდემიის მიუხედავად, ახალ წელს მაინც ხალისიანი განწყობით ვხვდები. ბავშვივით მიხარია ყოველი ახალი წელი და სხვაგვარად არ შემიძლია – უნდა შევხვდე ხალისით, და, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ შექმნილ ნივთებთან ერთად, რომლებიც კიდევ უფრო მეტად მიმაღლებს განწყობას.
ახლო მომავალში მექნება  გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩემი ნამუშევრების შეძენა.
სამომავლო გეგმებზე  საუბარს   ჩემთვის დავიტოვებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ  ძალიან დიდი გეგმები მაქვს  და თუკი ღმერთი შემეწევა, პირობას ვდებ, მომხმარებლებს ნამუშევრების მრავალფეროვნებით გავანებივრებ.

 

 



თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები