ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მტერია, ვინც ოკუპანტ ქვეყანას 20%-ს გადასცემს, სააკაშვილი ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება

“სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის უწყვეტი წყაროა. მისი მმართველობის მთელი 9 წლის განმავლობაში იყო შიდა დაძაბულობა, გარე კონფლიქტები და ომით „დაგვირგვინებული“ ტრაგედია, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ. ეს დასრულდა ტერიტორიების გადაცემით”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ბოლო რვა წელია, რაც ოპოზიციაში გადავიდა, ეს ადამიანი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის უწყვეტ რეჟიმში დესტაბილიზაციას: საბოტაჟს, ობსტრუქციას, შანტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ამ ადამიანს აქვს ფული, არის მოძალადე, აქვს კომპრომატები თავისი გუნდის წევრების და არამარტო მათ წინააღმდეგ. შესაბამისად, მისი ინსტრუქციებით მოქმედებს ყველა ოპოზიციონერი, რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით. კარგია, რომ მათი გამოფხიზლების კონტურები გამოიკვეთა და მიხვდნენ, რომ ესაა სააკაშვილის თამაში. არჩევნები დასრულებული არ იყო, რომ პარლამენტის წინ მოაწყეს სცენა და ვითომ ზეიმი, თითქოს, მოიგეს.
ყველა მტერია, ვინც ოკუპანტ ქვეყანას 20%-ს გადასცემს და ჩვენს წმინდა ადგილებს, საკუთარი ნებით, სხვა სახელმწიფოს გადასცემს. ეს მტერი, ეს ადამიანი აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. მის ამ უსუსურ მცდელობაზე,ჩვენი პასუხი იყო ასეთი: მეგობრებო, თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ნებისმიერ უბანს გაგიხსნით. ყველა ჩვენს კონსტრუქციულ, ჯანსაღ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი – ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტის გარეშე. ოთხი რაუნდი გაიმართა, აბსოლუტურად კონსტრუქციულები ვიყავით ყველა ჯანსაღი აზრის განხილვისთვის. ამის შემდეგ, მათ პირდაპირი შეტევა განახორციელეს აშშ-ის ელჩსა და ამერიკაზე. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვილოცა არჩევნები, აღიარა და დღემდე, მათ მოუწოდებს ყველა, რომ პარლამენტში შევიდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერიას პარტია ერთი ორგანიზმია, მათ, უბრალოდ, ფრონტი ჰქონდათ გაშლილი.
ეს ერთი ორგანიზმია, ორი ბოროტი თავით. ესაა უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც არ განხორციელდა. სააკაშვილს სჯეროდა, რომ მას ბოლო შანსი ჰქონდა, ამაში აჯერებდა ამომრჩევლებს. არაფერი არ გამოვიდა. სააკაშვილი ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები