“თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკასა და ქვეყანას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
„ფაქტობრივად, ერთი წელია, პანდემიის გამო ბიზნესი გაჩერებულია და ბიზნესმენების ძალიან დიდი ნაწილი უკვე გაკოტრების პირასაა. ერთი მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორე მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ იმიტომ, რომ შემოსავლები არ არსებობს. ამავდროულად, ბუნდოვანი პასუხები ესმით ბანკებიდან და დიდად ვერ ეხმარებიან ბანკები. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამენაირად დაეხმაროს, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებსა და სასტუმროებს, გამოდის, რომ ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ? თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ, სჯობს, დღეს ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებული და ქვეყანა ისე გააკოტრონ, რომ წლების განმავლობაში ვეღარ აღდგეს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.