სერგი კაპანაძე: თუ რაიმე წინადადება არის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ შემოგვთავაზოს, ამის ფორმატი ელჩების მეშვეობით არსებობს და იქ უნდა გააჟღეროს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების პროცესში რაიმე წინადადების შემოთავაზება სურს, ეს იმ ფორმატში უნდა გააჟღეროს, რომლის ფასილიტატორებიც ელჩები არიან.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები არ შეცვლილა.
„ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება მოლაპარაკებებთან და ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით ცნობილია – ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა, ეს სამი საკითხი არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციაში ვართ ოპოზიციურ პარტიებთანაც და, რაც მთავარია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, „ქართულ ოცნებასთან“. თუ რაიმე წინადადება არის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ შემოგვთავაზოს, არსებობს ფორმატი ამის შემოთავაზების, ელჩების მეშვეობით და იქ უნდა გააჟღეროს. თუ რაიმე სხვა არხით ამ წინადადებას რომელიმე სხვა პარტიას აწვდის, ეს მათი საქმეა და ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა კაპანაძემ.