2020 წლის ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებისა და საქართველოში მთავარი პოლიტიკური მოვლენების შესაფასებლად ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა:
-2020 წლის მთავარი პოლიტიკური ამბების შეფასებით დავიწყოთ.
-გასულ წელს მთავარი ამბავი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც მძიმე ,,გადასახადი“ აღმოჩნდა ქვეყნისთვის. უკანასკნელი წლების არჩენებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ არჩევნები საქართველოში არა მოქალაქეთა ნების გამომხატველი, არამედ პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი რგოლია. პოლიტიკური დაპირისპირება პარტიებს შორის კი სწორედ საარჩევნო პროცესში მძაფრდება და სულ უფრო დაუნდობელი ხდება. სხვადასხვა წელს პოლიტიკურ ბრძოლა სხვადასხვა ხარისხში იყო აყვანილი, როდესაც ერთმანეთში იყო არეული ბლეფი, სიმართლე და გამონაგონი. 2020 წელს პოლიტიკურ ბრძოლას ხელისუფლების ხელში ჩაგდების ამოცანაც მოჰყვა. მკვეთრად გამოჩნდა, რომ ,,მისი უდიდებულესობა ხალხის“ აზრი საარჩევნო პროცესში აღარაფერს ნიშნავდა. პოლიტიკოსების გამოსვლები მაღალი ტრიბუნიდან მოწმობს, რომ ისინი ხალხს ბრბოდ მიიჩნევენ და, რაც მთავარია, სულელ ბრბოდ.
-მართალია, პროგნოზები არ გიყვართ და მას ,,უმადურ საქმედ“ მიიჩნევთ, მაგრამ მაინც. მომავალ წელსაც ,,ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს პარლამენტშ ყოფნა?
-დარწმუნებული ვარ, ერთი ან ორი პარტია პარლამენტში მაინც შევა, შევლენ ცალკეული დეპუტატებიც რომელიმე ბარიერგადალახული პარტიიდან. თუმცა, ეს მაინც ვერ იქნება სრულყოფილი პარლამენტი. ერთფეროვანი საკანონმდებლო ორგანო ცუდ ნალექს დატოვებს ამომრჩეველზე და ეს ,,ნალექი“ კარგა ხანს იმუშავებს.
-საარჩევნო პროცესებს რომ გადავხედოთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, დავინახავთ, რომ თითქმის არცერთ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი დასავლური, დემოკრატიული სტანდარტით არ ჩატარებულა.
-გეთანხმებით, არც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აინტერესებს ვინმეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვა. მთავარი იქაც ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. ასეთი პროცესები ვითარდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. არ მინდა თითის გაშვერა არცერთი ქვეყნისკენ, მათ შორის, ამერიკისკენ, ფაქტია, რომ ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ და ეს ძალიან ცუდია. კიდევ ერთი საკითხი მაშფოთებს: ქართული პოლიტიკური სპექტრი იქამდე მივიდა, რომ შიგნით ერთმანეთთან ვერცერთ საკითხზე ვეღარ ლაპარაკობენ, პარტნიორი თუ არაპარტნიორი ქვეყნების ფასილიტატორების გარეშე. ყველაზე პოპულარული შენობები დღეს საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის ოფისებია.
-პატარა ქვეყნების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკისთვის ასეთი ჩარევები ისტორიულადაც დამახასიათებელი იყო.
-დიახ, საქართველოს ბედი ხან ოქროს ურდოში, ხან ისპაჰანსა და სტამბულში, ხანაც მოსკოვში წყდებოდა და ძალზე საწყენია, რომ არც 21-ე საუკუნეში იცვლება რამე.
-2020 წელი კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნისთვის რა მნიშვნელოვანი ძვრებით აღინიშნა?
-კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური ძვრები აშკარაა. ყველა ერთად ახალი პოლიტიკური წესრიგის დამყარების პროცესში ვართ. დღეს კავკასიაში კეთდება მსოფლიოს გეოპოლიტიკა, რეგიონი ცივილიზაციათა დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა. სამწუხაროა, რომ საქართველო ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა სრულფასოვან სახელმწიფოდ და ის მხოლოდ იმ ქვეყნად დარჩა, რომელსაც საკუთარი ტერიტორიების 20% აქვს დაკარგული.
-ყარაბაღის ომის შემდეგ ხელიდან გავუშვით რეგიონული პრივილეგიები?
-არა და, აი, რატომ. ცივილიზაციათა დაპირისპირებისას პატარა ქვეყნებსაც აქვთ შანსი და საკუთარი ნიშა,
ჩვენნაირი ქვეყნებიც საჭირონი არიან მსხვილი მოთამაშეებისთვის. დააკვირდით, რუსეთს კავკასიაში ერთგული დასაყრდენი და მოკავშირე აღარ დარჩა.
-სომხეთზე ფსონის დადებას ,,უფროსი ძმა“ აღარ აპირებს?
-სომხური სამხედრო თუ პოლიტიკური ელიტა რუსეთზე ძალიან განაწყენებულია. ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება. ასე რომ, ძველებურად კავკასიაში სომხეთი რუსეთის ერთგულ მეკავშირედ ვეღრ ჩაითვლება. ახლა დაიწყება მსხვილი სახელმწიფოების მხრიდან დიდი ფულის ხარჯვა მეგობართა და თანამოაზრეთა ,,საყიდლად.“
-რუსეთისთვის ასეთ პოტენციურ მეგობრად, სომხეთთან ერთად, საქართველოც განიხილება?
-არა, ამ შემთხვევაში სრულიად სხვაგვარი ,,მეგობრობა“ განიხილება. ნატო-ს სარდლობისა და კელი დეგნანის განცხადებებით იგძნობა, რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიისთვის ბრძოლაში ამერიკისთვის საქართველო და აქ სიმშვიდის შენარჩუნება. კასპია-შავი ზღვის აუზში ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოდ რჩება, ამიტომაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამერიკისთვის საქართველოს საარჩევნო პროცესს, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა იგი. ამერიკისთვის ახლა მთავარია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილობის შენარჩუნება.
-ამიტომაც გაწირა ამერიკამ ძველი მეგობრები, დღეს ოპოზიციაში აღმოჩენილი ქართული პოლიტიკური სპექტრი?
-ამერიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში. ამ ქვეყანას არ ჰყავს მუდმივი ,,მტრები“ ან მუდმივი ,,მეგობრები“, ამერიკას აქვს მუდმივი ინტერესები და მშვიდობიანი, სტაბილური საქართველო ახლა მის ინტერესებში ჯდება.
-საჩვენოდ როგორ უნდა გამოვიყენოთ კავკასიაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება?
-ახლა ყველაფერი ჩვენს დიპლომატიურ მარიფათზე იქნება დამოკიდებული, თუ ასეთ შიდაპოლიტიკურ ჭაობში დავრჩებით, ხელიდან გავუშვებთ ყველა შესაძლებლობას. შიდაპოლიტიკური კინკლაობისას თანდათან დაგვავიწყდა ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, ეს ინტერესი ნელ-ნელა მეორე პლანზე გადავიდა. არ შეიძლება, ასეთი გეოპოლიტიკური შანსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეიძლება, აღარც მოგვეცეს, ქვეყანამ ხელიდან გაუშვას.