ალეკო ელისაშვილი: კარგია, რომ “ლელომ” და მისმა ლიდერებმა რევოლუციურ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებეს და სხვა, უფრო ადეკვატურ წინადადებებზე ფიქრობენ
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ვადამდელი არჩევნების 2022 წელს დანიშვნას ეხება და აღნიშნა, რომ ეს ბევრად ადეკვატური წინადადებაა, ვიდრე – რევოლუციურ სცენარზე ფიქრი.
“კარგია, რომ “ლელომ” და მისმა ლიდერებმა რევოლუციურ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებეს და სხვა, უფრო ადეკვატურ წინადადებებზე ფიქრობენ. არც ჩვენ ვართ წინააღმდეგნი რიგგარეშე არჩევნების, მათ შორის, 2022 წელს, მით უფრო, სრულად პროპორციულის.
ვნახეთ, რომ ამ წინადადების მერე დაიწყო აგრესია “ლელოს” წინააღმდეგ, ეს ჩვენ არ გვიკვირს, გამოვიარეთ და ჩვენთვის ნაცნობი ვითარებაა. ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა, რომ შენ თუ ჩემსავით არ ფიქრობ, შენ ხარ გაყიდული, მოსყიდული და ყველანაირი უბედურება შეიძლება, დაგაბრალო. არადა, თითქოს, ამ ქვეყანას უნდოდა მრავალპარტიულობა, რომელიც განსხვავებულ აზრებსა და პოზიციებს ნიშნავს”, – განაცხადა ელისაშვილმა.