ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება ადრე მიღებასთან დაკავშირებით – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაცია, ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების პირობებში დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და ამ თემაზე პრემიერმინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. როგორც სხდომაზე აღინიშნა, უკვე იდენტიფიცირებულია პირველი რისკ ჯგუფები, რომლებიც აიცრებიან, როდესაც ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

ამ მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების პროცესი გრძელდება, თუმცა, შეინიშნება მოქალაქეების მიმართვიანობის შემცირება, ამიტომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტის გასაკეთებლად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტია.

ხაზი გაესვა შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაციაზე, თუმცა, აღინიშნა, რომ არსებული მაჩვენებლები მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, ვინაიდან ეპიდემია საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ჯერ ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეიკავონ თავი საახალწლოდ ხალხმრავალი სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისგან და მომავალი დღესასწაულები ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე ახლობელთა ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების შემდეგ, დადებითი ტენდენცია შეინიშნება 112-შიც. მიმართვიანობის შემცირების ტენდენცია ნარჩუნდება მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე.

24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების პარალელურად, შრომის ინსპექცია, შესაბამის საზედამხედველო უწყებებთან ერთად, აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან როგორც რიგების მართვა, ისე ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვა ობიექტზე მომხმარებლის დაშვებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები