მიხეილ სარჯველაძე – ხოშტარიაზე: გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში მიზეზი „ქართული ოცნების“ მხრიდან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ცხოვრებაში ჩარევა იყოს
“გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში მიზეზი „ქართული ოცნების“ მხრიდან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ცხოვრებაში ჩარევა იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, აშკარად გამოიკვეთა დესტრუქციული ნაწილი და შედარებით საღი აზრისა და განზრახვის მქონე პოლიტიკური ჯგუფები.
„გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში მიზეზი „ქართული ოცნების“ მხრიდან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ცხოვრებაში ჩარევა იყოს. რაც შეეხება იმას, რატომ იქნა გადაწყვეტილება კონკრეტული პოლიტიკოსის მხრიდან მიღებული, მე ამის კომენტირებას ვერ გავაკეთებ, ალბათ, თვითონ გვიამბობს. თუმცა, ზოგადად, მას შემდეგ, რაც აშკარად გამოიკვეთა დესტრუქციული ნაწილი და შედარებით საღი აზრისა და განზრახვის მქონე პოლიტიკური ჯგუფები, ასეთ დროს გარკვეული გადაჯგუფებები მოსალოდნელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. ამ საკითხზე პარტიაში განცხადება დღის მეორე ნახევარში გაკეთდება.