კარლ ჰარცელი: ჩვენ შევძელით, რომ კრიზისის დასაწყისიდანვე გვერდში დავდგომოდით საქართველოს სხვადასხვა ასპექტში

“ძალიან ბედნიერი ვარ და ცოტა არ იყოს ამაყიც იმ ფაქტით, რომ ევროკავშირის მხრიდან, უფრო დიდი ევროპული ოჯახის მხრიდან, ჩვენ შევძელით რომ ამ კრიზისის დასაწყისიდანვე გვერდში დავდგომოდით საქართველოს სხვადასხვა ასპექტში”, – ამის შესახებ კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ამას ბევრი მძიმე შრომა დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ, ევროკავშირის დახმარების კუთხით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც თითო სულზე მსოფლიოში ყველაზე მეტი დახმარება მიიღო, რაც იმის ნიშანია, რომ „ჩვენ ახლო მეგობრები და პარტნიორები ვართ“.

„იმას რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ძირითადად 4 განზომილება აქვს. პირველი, ესაა რაც უკვე ვახსენეთ – მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. გაზაფხულზე ეს ჩვენ ერთად განვიხილეთ და ამაზე ერთად ვიმსჯელეთ, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან და სხვებთან ერთად. მეორე, ჩვენ ვმუშაობთ მათ დასახმარებლად, ვისაც ეკონომიკურად უჭირს. მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებია, უამრავი მეწარმე, რომელთაც არ აქვთ ბევრი ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ კი სწორედ მათ დახმარებას ვცდილობთ, იაფი სესხების მეშვეობით, რაც ეხმარება მათ ამ თვეების გადალახვაში და უახლოეს თვეებშიც დაეხმარება, რათა მოემზადონ და შეძლონ შესაძლებლობების გამოყენება მაშინ, როდესაც აღდგენის პროცესი დაიწყება. მესამე საკითხი არის, ჩვენს მიერ მოწყვლად ჯგუფებზე ყურადღების გამახვილება. იმ ჯგუფებზე, რომლებიც ჩვენ თავიდანვე შევარჩიეთ სამიზნეებად. საუბარია ასაკოვან ადამიანებზე, დევნილებზე, შშმ პირებზე და ოჯახური ძალადობის მსხვერპლებზე, რომელთა რაოდენობაც, სამწუხაროდ, პანდემიის გამო გაიზარდა. მეოთხე საკითხი კი არის ჯანდაცვის სისტემა და ის თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად“, – განაცხადა ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები