„შეიძლება, ბევრმა ხელი აიღოს და დაკეტოს ბიზნესი“ – ზამთრის კურორტების სექტორის წარმომადგენლები პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ
სამთო-სათხილამურო კლუბ „გუდაურას” ხელმძღვანელი, შალვა აბრამიშვილი და სოციალური კამპანია „გადავარჩინოთ ზამთრის” წევრები – შოთა ნათაძე და მათე ქავთრაძე იმ პრობლემების შესახებ საუბრობენ, რომლებიც კოვიდპანდემიის გამო ზამთრის კურორტების სექტორს შეექმნა.
როგორც მათ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მთავრობას უფლებამოსილ პირებთან შეხვედრის თხოვნით მიმართავენ, რათა მთის კურორტებისა და საბაგიროების ამუშავების საკითხი განიხილონ.
„გვინდა, ვისაუბროთ საკითხზე, რომელიც შეეხება სამთო- სათხილამურო კურორტებისა და საბაგიროების ფუნქციონირებას. ჩვენ არაფერს ვაპროტესტებთ. ჩვენი მიზანია, მთავრობის წარმომადგენლებთან დიალოგი შედგეს. ვთვლით, რომ საბაგიროების ფუნქციონირება არათუ გაამწვავებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, არამედ, პირიქით, განმუხტავს მას. აგიხსნით, რატომ – მოგეხსენებათ, ბაკურიანსა და გუდაურში მრავლადაა აპარტამენტები, საკუთარი ბინები აქვთ ადამიანებს, უკვე ისედაც დატვირთულია კურორტები, ანუ კურორტზე მობილობა გვაქვს. თუ ჩავრთავთ საბაგიროებს, ამით კურორტსა და დაბას განვმუხტავთ იმიტომ, რომ ბაკურიანის შემთხვევაში სათხილამურო არეალი 7-ჯერ დიდია დაბასთან შედარებით, გუდაურის შემთხვევაში კი 10-ჯერ დიდია. გეოგრაფიულ არეალში თუ გავშლით, ბაკურიანში ყველა პარკში არ იქნება თავმოყრილი და ასე უფრო ნაკლები რისკია. ამის გარდა, არის ეკონომიკური ფაქტორი, ასევე, პრობლემები, რომელიც ექმნება სპორტს.
ჩვენ მოვამზადეთ წერილი, თხოვნით მივმართავთ მთავრობას, რომ ჩვენს წარმომადგენლებთან დაიწყოს კონსულტაციები. მათ გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს. ასევე, გვჭირდება მათი, ეპიდემიოლოგების რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშაონ კვების ობიექტებმა, ასევე, ჩვენ, ინსტრუქტორებმა. 1-ელ თებერვალსაც რომ გავხსნათ საბაგირო, ეს ყველაფერი გასავლელია.
შარშანდელი სეზონი ჩაგვივრდა. ფაქტობრივად, გაკოტრების პირას ვართ. ძალიან გაგვიჭირდება ამ ვითარებაში მომზადება შემდეგი სეზონისთვის. შეიძლება, ბევრმა ხელი აიღოს და დაკეტოს ეს ბიზნესი“, – განაცხადა შალვა აბრამიშვილმა.
სოციალური კამპანია „გადავარჩინოთ ზამთრის” წევრის, შოთა ნათაძის თქმით, პრობლემები სპორტსმენებსაც ექმნებათ.
„მაგალითად, იტალია ოფიციალურად 7 იანვარს ხსნის სამთო-სათხილამურო კურორტებს, ავსტრია 24 დეკემბერს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პრევენციაზე ფიქრი აუცილებელია. ჩვენც ვფიქრობთ ამაზე. თუმცა, ჩვენი აზრით, საქართველოს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოიქცეს ისე, როგორც იქცევა, ანუ თებერვლამდე ყველა კურორტი ჩაკეტოს. ამას გარდა, როგორც ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებში გზები გამონახეს და სამთო-სათხილამურო კურორტები ჩართულები არიან იმაში, რომ სპორტსმენებმა ივარჯიშონ. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური ჩართულობა მიზნისკენ სწრაფვისთვის“, – განაცხადა ნათაძემ.
მათე ქავთრაძის თქმით, მათ აქვთ ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაონ სასტუმროებმა, სამთო-სათხილამურო ინვენტარის გაქირავების პუნქტებმა, სათხილამურო ინსტრუქტორებმა, კვების წერტილებმა.
„მე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი ვარ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დიდ სასტუმროებს უსუბსიდირებს სესხის 80 %-ს. საოჯახო ტიპის სასტუმროებს პროცენტის დაფინანსება არ აქვთ. სად უნდა იცხოვროს ტურისტმა? ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ მსგავსი რამ, თუ გაიხსნება სეზონი: არსებობს საოჯახო სასტუმროები, სადაც აქვთ მაქსიმუმ 10, 15, 20 ნომერი, მათ შეუძლიათ, შეცვალონ თავიანთი სასტუმროს ფუნქციონირება: ვახშამი, სადილი, საუზმე ოთახში მირთმევით მოხდეს, ანუ მაქსიმალურად იზოლირებულები იყვნენ სტუმრები ერთმანეთისგან.
ასევე, ბევრი სხვა პრობლემაა: არიან გარე მოვაჭრეები, რესტორნები, გასაქირავებელი დაწესებულებები. ჩვენ ჩამოწერილი გვაქვს ის, თუ როგორ შეიძლება, იფუნქციონირონ. მაგალითად, გაქირავების სერვისს შეუძლია, მიიღოს ონლაინ შეკვეთები, წინასწარ აიღონ შეკვეთა, ასევე, მოხდეს დეზინფექცია. საკვებმა ობიექტებმა, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია, რომ გატანის სერვისებზე იმუშაონ. რაც შეეხება ინსტრუქტორებს, აქ დისტანცია ყოველთვის დაცულია მოსწავლესთან. ბარების ფუნქციონირება ზედმეტი იქნება, რათა თავიდან ავირიდოთ თავშეყრა“, – განაცხადა ქავთარაძემ.