პაატა იმნაძე: თავისუფლად შეგვიძლია დღეში 20-22000 ტესტის ჩატარება, სამწუხაროდ, მომართვიანობა 14000-მდე ჩამოვიდა, მცირე სიმპტომების შემთხვევაშიც კი ჩაიტარეთ ტესტი
“თავისუფლად შეგვიძლია დღეში 20-22000 ტესტის ჩატარება, სამწუხაროდ, მომართვიანობა 14000-მდე ჩამოვიდა”, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ქვეყანას თავისუფლად შეუძლია დღეში 20-22000 ტესტის ჩატარება.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა მცირდება. ვთხოვ ყველას, ვისაც სიმპტომები ექნება, შესაბამის ცენტრებს აუცილებლად მიმართონ. ჩვენ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22000 ტესტირება დღეში, სამწუხაროდ, 14000-მდე ჩამოვიდა. თავდაპირველად, ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა, რომ ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, იგეგმება საეჭვო შემთხვევების გამოკვლევა და აღმოჩენის შემთხვევაში კორონავირუსის ახალი შტამის სეკვენირება.
„ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას. მსოფლიოს პირველ 20 ქვეყანაში ვიყავით, ვინც სეკვენსი გააკეთა და ატვირთა მსოფლიო ბაზაში. ლუგარის ცენტრში ეს მუშაობა გრძელდება. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომელიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ შტამსა და ძველ შტამს არ არის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.