დავით სერგეენკო: ძალიან რთული კომპრომისია გასაკეთებელი სოციალურ დარტყმასა და სიცოცხლის დაკარგვას შორის
“ძალიან რთული კომპრომისი არის გასაკეთებელი სოციალურ დარტყმასა და სიცოცხლის დაკარგვას შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ვირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბაზრობებზე ნაკლებად ხდებოდა დისტანციის დაცვა და მთავრობის გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარეობს.
„ძალიან რთული ვითარება გვაქვს. ალბათ, სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მძიმეა. რეალურად, ეს არის ომი უხილავ მტერთან და, ძალიან სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი დიდ ზარალს მიიღებს ამ ომის შედეგად. რაც შეეხება კონკრეტულად ბაზრობებს, პირადად არ ვმონაწილეობ, მაგრამ ვიცი, გადაწყვეტილებების მექანიზმი. რისკები ყოველდღიურად აიწონება. როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ ბაზრობებზე ვირუსის გავრცელების უფრო მეტი რისკი იყო. მთავრობას წინდახედულობას ვერ დავუწუნებ. აქ, გადაწყვეტილებაა მისაღები, ძალიან რთული კომპრომისი არის გასაკეთებელი სოციალურ დარტყმასა და სიცოცხლის დაკარგვას შორის. მესმის ვითარების სიმწვავე. კი, ბაზრობა ღია სივრცეა, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ, ნაკლებად ხდებოდა დისტანციის დაცვა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.