“საჩუქარი რუსეთსა და ჩინეთს” – ტრამპმა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს ვეტო დაადო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც უწყებისთვის 740 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, ვეტო დაადო.

ტრამპმა წარმომადგენელთა პალატისთვის გაგზავნილ განმარტებაში დაწერა, რომ პროექტი ეწინააღმდეგება მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებულ საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას.

მან კანონპროექტს “რუსეთისა და ჩინეთისთვის გაკეთებული საჩუქარი” უწოდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს.

“კანონი არ შეიცავს მნიშვნელოვან ზომებს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, მათ შორის, ისეთ დებულებებს, რომლებიც ჩვენი ვეტერანებისა და სამხედრო საქმის პატივისცემას გულისხმობს, ასევე, ის ეწინააღმდეგება ჩვენი ადმინისტრაციის ძალისხმევას ამერიკა ყველაზე მაღლა დააყენოს. ეს “რუსეთისა და ჩინეთისთვის საჩუქარია”, – დაწერა ტრამპმა.

2021 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი ითვალისწინებს, მათ შორის, უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევას, ასევე, ამკაცრებს სანქციებს გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი2”-სა და “თურქული ნაკადისთვის”.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს ხელახლა კენჭს 28 დეკემბერს უყრის, სენატი კი – 29-ში.

პრეზიდენტის ვეტოს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტის ვეტო “ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებს დარტყმის ქვეშ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები