ნათია თურნავა: მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, თუმცა უმთავრესი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა

„მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, თუმცა ამავდროულად უნდა ითქვას, რომ პირველი და უმთავრესი არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„მაგრამ არის ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ეკონომიკა, დასაქმება და იცით, რომ სავაჭრო სეგმენტი ძალიან დიდი დამსაქმებელია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ასეთი დაბალანსებული გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს არის გეგმაზომიერი გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, სავაჭრო ცენტრების გახსნა და საახალწლო დღეებში მუშაობა იქნება დიდი პასუხისმგებლობის აქტი და პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა.

„ამავდროულად, თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. დარღვევების შემთხვევაში ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული. ეს გადაწყვეტილება არ არის უპირობო და შეუქცევადი და როგორც კი პირველი ნიშნები გამოჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რაზეც იყო საუბარი, სრული უფლება გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ჯარიმები, ასევე შეჩერების უფლება”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები