მაია ცქიტიშვილი: 24 დეკემბრამდე ზუსტად გვეცოდინება, რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნება
“24 დეკემბრამდე ზუსტად გვეცოდინება, რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნება”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები დაწესებულია იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც გვქონდა და შეზღუდვების დაწესებიდან სამი კვირის თავზე თვალსაჩინო შედეგებია.
„ვხედავთ, თუ რა დინამიკაა უცხოეთში, როგორ ხდება, თუნდაც, თითქოს ჩაწყნარებული ვითარების ე.წ. მესამე ტალღის დაწყებაც კი. თუნდაც გუშინ ვნახეთ, თუ რა დამატებითი ინფორმაცია მოვიდა ბრიტანეთიდან, ახალი შტამი ვირუსის ახალი მუტაციაა და გვაქვს უკვე სახეზე ის შეზღუდვები, რომელსაც ევროპის ქვეყნები აყენებენ ბრიტანეთიდან რეისებთან დაკავშირებით. ამას ვამბობ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, რომ ეს ვითარება მუდმივად დინამიკურია. სამწუხაროდ, პანდემია ხასიათდება სწორედ იმით, რომ ის არაპროგნოზირებადია. ეს განსხვავდება მთავრობის პროგრამისა და ბიუჯეტის პროგრამისგან, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, წინასწარ დავგეგმოთ. ამ შემთხვევაში, ყოველდღიურად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ. ამდენად, ჩვენ ჯერ კიდევ კონსულტაციებს გავდივართ ეპიდემიოლოგებთან. ჯერ კიდევ ვაკვირდებით იმ ვითარებას, თუ რა ხდება უცხოეთში, ვინაიდან უცხოეთი ჩვენთან დაკავშირებულია, როდესაც ფრენები გახსნილია. ეს ვითარება ყურადსაღებია. ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე, არამედ – მთელი ქვეყნის წინაშე. ნებისმიერი გადაწყვეტილება ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნის ან დაწესებასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ ბევრი ადამიანის ყოფაზეც, ცხოვრებაზეც და სიცოცხლეზეც აისახება. მოდით, ნუ ავჩქარდებით, ეს შეიძლება არ იყოს 21 ან 22 და იყოს 23 რიცხვი, მაგრამ 24 დეკემბრამდე ზუსტად გვეცოდინება, რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.