ნათია თურნავა: წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში და შექმნას დოვლათი
„წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში და შექმნას დოვლათი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წიაღის სექტორის რეფორმა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ფისკალური რეჟიმის განახლება, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის შექმნა.
„დღეს გამოწვევას წარმოადგენს თუნდაც ის, რომ უკვე გაცემული ლიცენზიების ფარგლებშიც არ ხდება ბოლომდე წიაღისეულის ათვისება და აქაც გვაქვს რესურსი, ასევე გამოწვევაა სოციალური პასუხისმგებლობის უფრო მეტად გამოკვეთა ლიცენზიანტ კომპანიებში და ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად,” – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს წიაღის სექტორშიც წარმატებით იმუშავა 100 პარალელური აუქციონის პროექტმა, რომლის დროსაც გაიცა წიაღით სარგებლობის 433 ლიცენზია.