“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” ჟურნალისტები ტოვებენ

“ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას” ჟურნალისტები ტოვებენ. ერთ-ერთი სარევიზიო კომისიის წევრი ნინო კაკულიაა. ის სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნიკა გვარამიას მიერ პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი პოსტის განხილვაზე უარი უთხრა.

„ქარტია თვლის, რომ ფეისბუქპოსტზე განმარტებას ვერ გააკეთებს და რომ მედიის თვითრეგულირების პრინციპის შეზღუდვის საფრთხესთან გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან. ამ ვითარებაში, მე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია პოსტის დატოვება”, – წერს ნინო კაკულია.

ამავე მიზეზით ქარტია დატოვა ჟურნალისტმა მანუჩარ პირველმაც.

„ორგანიზაციას, რომელსაც ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და – სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის. განსაკუთრებით, ქარტიას ჩემი ხელმოწერის გარეშე, ქარტიის სახელით არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ისეთი ტიპის განცხადება, რომელშიც მოხვდა ისეთი წინადადება, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები, – რადგან, არ მიმაჩნია რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე”, რადგან მიმაჩნია რომ სიძულვილის ენის „გამოხატვის თავისუფლებით” ინდულგენციით ქვეყნის ფსიქიური აშლილობა მიდის ქაოსისკენ და ქუჩური არეულობისკენ. დიახ, პარლამენტი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს „კანონი ძალადობის ენის შესახებ”, – წერს მანუჩარ პირველი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქარტიისგან ითხოვდა, უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება მოეხდინა ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, ფეისბუქის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ ციტატაზე: „შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ” პოსტთან დაკავშირებით.

ქარტიამ კი, განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედია პროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ტელეკომპანია „მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები