მსოფლიოში რეკორდულად გაზრდილი ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებლების გამო შეზღუდვები საშობაოდ ნარჩუნდება

კალიფორნიაში ეპიდსიტუაციის დრამატულად გამწვავების მიზეზად მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობა სახელდება. უკვე მეთორმეტე დღეა აშშ-ში ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მადლიერების დღის შემდეგ, კალიფორნიაში კოვიდი სწრაფად გავრცელდა და გაიზარდა როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების მაჩვენებელი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები თითქმის ნულის ტოლია და ექიმებს უარესის მოლოდინი აქვთ. ორი კვირის წინ შტატში გამოცხადდა მკაცრი ლოქდაუნი, თუმცა, ჯერჯერობით ამას შედეგი არ მოუტანია და ციფრები კვლავ მზარდია. ასეთი დრამატული შედეგის მიზეზად სახელდება რეკომენდაციების შეუსრულებლობა, მათ შორის „დარჩით სახლში“ მოწოდების უარყოფა, ადამიანების მუშაობა ადგილზე და არა დისტანციურად. აღმავალი სტატისტიკა აღინიშნებოდა ნოემბრის თვიდან, როდესაც ხალხმა რეკომენდაციების დაცვა უფრო მოადუნა და გახშირდა სახლში შეკრებები. საშობაო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ოჯახური შეკრებები გახდება ინფექციის გავრცელების ახალი წყარო აშშ-ში, რაც სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას გამოიწვევს, რადგან სწორედ მადლიერების დღესასწაულის შემდეგ რადიკალურად იმატა ინფიცირების მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით.

უკანასკნელ კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები ასკვნიან, რომ თავყრილობები, ერთ მაგიდასთან საკვების მირთმევა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაღაზიები არის ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი წყარო. მათი აზრით, ბარ-რესტორნებში განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების რისკი, რადგან მაგალითად, ვახშმობის დროს, ერთ მაგიდასთან შეკრებილი ადამიანები, ვერ იცავენ სოციალურ დისტანციას. ლოქდაუნის პირობებში დაკეტილია რესტორნები, მაგრამ მეცნიერების შიშობენ,რომ დღესასწაულების პერიოდში ადამიანები შეიკრიბებიან სახლებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაინფიცირების რისკს.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა აზრით, შეკრებები სუფრასთან, ბარებსა და რესტორნებში, ასევე, ხალხმრავლობა სავარჯიშო დარბაზებში არის უფრო დიდი რისკის შემცველი, ვიდრე, მაგალითად ტრანსპორტით მგზავრობა ან მაღაზიაში შესვლა. დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კოვიდის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება. მეცნიერების აზრით, გასულ კვირას აღმოჩენილი კოვიდის ახალი შტამი, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კოვიდ-19. ორშაბათს იგეგმება მეცნიერებით დაკომპლექტებული ჯგუფის შეკრება, რომლებიც, დიდი ალბათობით, გასცემენ რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციას – ქვეყნის მაღალი სიფრთხილის ზონაში გადაყვანის შესახებ.

წინა კვირას ლონდონი მაღალი სიფრთხილის ზონაში გადავიდა. ბრიტანეთში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია – 17 დეკემბერს დაფიქსირდა 35 383, ხოლო 18 დეკემბერს 28, 507 ახალი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება გასული კვირისას. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით; სტუმარმასპინძლობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება; პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ; აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამ დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ “მხარდამჭერი წრის” წევრების მონახულება; გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის მიზეზით ნიდერლანდები დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო ფრენებს აჩერებს. როგორც ნიდერლანდების მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ფრენები პირველ იანვრამდე შეჩერდება. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოვლენების განვითარებას აკვირდებიან და არ გამორიცხავენ ზომების ამოქმედებას დიდი ბრიტანეთიდან სხვა ტიპის ტრანსპორტით მგზავრების მიღებასთან დაკავშირებითაც.

ავსტრიაში მეორე ლოქდაუნის დასრულებიდან 11 დღის შემდეგ კვლავ გამოცხადდა ახალი, რიგით მესამე ლოქდაუნი. კვლავ იკეტება, არაძირითადი მოხმარების მაღაზიები, რომლებიც გაიხსნა გასულ კვირას. 18 იანვრამდე დაკეტილი იქნება რესტორნები,სკოლები, მუზეუმები და თეატრები. გერმანიაში კორონავირუსის 22 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 409 პაციენტი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 26 049 შეადგინა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს, არ იგეგმება შეზღუდვების შემსუბუქება და უფრო მეტიც, შესაძლოა, გარკვეული მიმართულებით გამკაცრდეს კიდეც. ასევე, ბელგიის საზღვრის კვეთის დროს იქნება გამკაცრებული რეგულაციები, რაც გამომდინარეობს იქედან, რომ ბელგიისგან განსხვავებით, მეზობელ ქვეყნებში დაიკეტა მაღაზიები და შიშობენ, რომ შესაძლოა ქვეყნებს შორის მობილობის გაზრდამ გამოიწვიოს ეპიდსიტუაციის გაუარესება.

შობა-ახალი წლის პერიოდში, იტალიაში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, იმოქმედებს დამატებითი შეზღუდვები. დაიკეტება მაღაზიები, ბარები და რესტორნები და აკრძალული იქნება რეგიონებს შორის მიმოსვლა. რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა ნებადართული იქნება მხოლოდ საღამოს 10 საათამდე. ამ პერიოდში არ შეიზღუდება სალონების, სასურსათო მაღაზიების, სამრეცხაოების, თამბაქოს ჯიხურებისა და აფთიაქების მუშაობა.

შვედეთის პრემიერის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება, პიკის საათებში. ასევე, შობის დღესასწაულზე, რესტორნებში, ნებადართულია ერთ მაგიდასთან 4 ადამიანის ყოფნა და იკრძალება 8 სთ-ის მერე ალკოჰოლის გაყიდვა.

შვეიცარია რეგულაციებს ამკაცრებს – 22 დეკემბრიდან 22 იანვრამდე, შვეიცარიაში, იკეტება სპორტული და კულტურული დაწესებულებები და რესტორნები. მაღაზიებმა უნდა იფუნქციონირონ შეზღუდულად.

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 37 730 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 555 ინფიცირებული. ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 7 მილიონ 200 ათასზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ. ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 186 205 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდოეთში კორონავირუსის 26,624 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 10,031,223-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 341 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 145,447-ს აღწევს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები