სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში” უჩივლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში” უჩივლა.

ქარტიის ცნობით,  ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას და სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წერილით მომართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ითხოვს, ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ “შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ” პოსტთან დაკავშირებით.

ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე და აცხადებს:

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას. სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Handyside v. the United Kingdom (1976) ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. [ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის] მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი გამოიყენება არა მარტო “ინფორმაციისა” და “მოსაზრებების” მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას,”- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები